მე-20 საარჩევნო უბანზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება იყო, კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა:

ერთ-ერთმა მოქალაქემ უბანზე 30 ბიულეტენი შეიტანა. მან თქვა, რომ ეს ბიულეტენები უბნის გარეთ იპოვა.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი თამარ ხუფენია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამ ფაქტს ასე ხსნის:

  • გადასატანს ყუთის უბნიდან გატანა წილისყრით ერგოთ ოლქიდან დანიშნულ წევრს და ენმ-ის წევრს.
  • გადასატან სიაში არის 27 ამომრჩეველი, თუმცა, იმ მიზნით, რომ ბიულეტენის გაფუჭების შემთხვევაში, ხელთ ჰქონოდათ სათადარიგო ბიულეტენი, მან გადასატან ყუთს 3-ით მეტი, 30 ბიულეტენი გაატანა.
  • „ჩავუდე თითო-თითოდ ბიულეტენები პარკში, გაიტანა ენმ-ის წევრმა ეს ბიულეტენები და არ ვიცი, დაუვარდა თუ რა, მაგრამ ძალიან მალევე ეს ბიულეტენები ამომრჩეველმა შემოიტანა უბანზე. ეტყობა, ნახა დაყრილი და შემოიტანა“, – განუცხადა მან „ნეტგაზეთს“.

ხუფენიას თქმითვე, უბნის თავმჯოდმარემ უკვე დაწერა ახსნა-განმარტება ამ ფაქტთან დაკავშირებით.

მისი თქმითვე, ამის შემდეგ დაუკავშირდნენ გადასატანი ყუთის წამღებ კომისიის წევრებს, რომლებიც დაბრუნდნენ და იგივე ბიულეტენები გაატანეს, შესაბამისად, სიაში მყოფ 27 პირს ხმის მიცემის უფლება არ შეეზღუდება.