ახალი ამბები

ზუგდიდში საარჩევნო უბნების ნაწილი ხმაურის ფონზე გაიხსნა

30 ოქტომბერი, 2021
ზუგდიდში საარჩევნო უბნების ნაწილი ხმაურის ფონზე გაიხსნა

მერის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმაურის ფონზე დაიწყო.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, ახალსოფელში 36-ე და ზედაეწერში 72-ე უბნებზე დამკვირვებლებს რეგისტრაციის მაგიდასთან დგომის უფლებას არ აძლევდნენ.

ამასთან, 73-ე უბანთან (ცაიშში) მობილიზებული იყო ორი ავტომობილი, სადაც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ისხდნენ.

„მივდივარ… ვდგავარ… ეს ჩემი სოფელია და უნდა დავდგე აქ“, – ამბობს ერთ-ერთ მანქანაში მჯდომი პირი. ვიდეოს ენმ ავრცელებს. მას პარტიის წარმომადგენელი პასუხობ, რომ არ აქვს უბნიდან 100 მეტრის რადიუსში დგომის უფლება.

მას შემდეგ, რაც ენმ-ის წარმომადგენელმა პოლიცია გამოიძახა, მათ მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

ცესკოს პასუხი

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განაცხადა, რომ:

  • სამაგიდო სიებთან წვდომა კანონმდებლობით მხოლოდ კომისიის წევრებს აქვთ და არა დამკვირვებლებს;
  • უბანი გარე პერიმეტრს ვერ აკონტროლებს და მსგავსი ფაქტების უბნის 100-მეტრიან რადიუსში დაფიქსირების შემთხვევაში სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ.

წინა დღით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა ზუგდიდიდან, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერებს „ექნებათ გარკვეული სიები“:

„ეს ინფორმაცია არ შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. შესაბამისად, ეს ადამიანები იქნებიან და დაიცავენ 100- მეტრიან პერიმეტრს“, – განაცხადა ჩიქოვანმა და თქვა, რომ ამით კანონს არ არღვევენ.

მირანდა მესხის თქმითვე, 7:00 საათის მონაცემებით, ყველა, 109-ვე უბანი უბანი გაიხსნა. 67-ე ოლქში, ჯამში, 119 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მელია vs წოწერია

ზუგდიდის მერობისთვის იბრძვიან საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ანზორ მელია (ნიკა მელიას მამა).

პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 41.15% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კი – 46.88%.

ამასთან, საკრებულოს 45 წევრიდან 44-ის ვინაობა უკვე გარკვეულია. საკრებულოში 22 ადგილი ენმ-ს აქვს, 19- „ქართულ ოცნებას“, 3 კი- გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.

საკრებულოს უმრავლესობის ბედი წყდება ზუგდიდის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, ანუ სულ 7 უბანზე (კერძოდ, 67-ე, 73-ე, 74-ე, 76-ე, 77-ე, 103-ე და 106-ე უბნებზე).

აღნიშნულ ოლქში ენმ-ის კანდიდატ ზვიად ჯღარკავას პირველ ტურში 39.836% ჰქონდა, „ოცნების“ ირაკლი ჯანაშიას კი- 38.95%.

ბრალდებები არჩევნებსის წინ

ზუგდიდში მეორე ტურს წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ენმ-ის აქტიური მხარდამჭერი ყოფილი ძალოვნების უკანონოდ დაკავებისა და მათთვის იარაღის ჩადების შესახებ.

30 ოქტომბერს, შუაღამისას, ენმ-ის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, პარლამენტარმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ პარტიის მხარდამჭერს, რომელიც ქვეყანაში სპეციალურად ხმის მისაცემად ჩავიდა, ზუგდიდში პოლიტიკური მოტივით თავს დაესხნენ და სცემეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი