ახალი ამბები

რაც ბრიფინგზე განაცხადეს, ყოველდღე ვწერ „ფეისბუკზე“ — წერედიანი

29 ოქტომბერი, 2021 • 1439
რაც ბრიფინგზე განაცხადეს, ყოველდღე ვწერ „ფეისბუკზე“ — წერედიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო წერედიანი აცხადებს, რომ სუს-ის მიერ დღეს, 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული ჩანაწერი მხოლოდ უკანონო მოსმენებს ადასტურებს.

“არ მისმენია ამ ჩანაწერის და ავთენტურობას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ახლა რაც თქვენ მითხარით, “ოცნება” რომ არჩევნებს გააყალბებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. რასაც თქვენ მეუბნებით, რომ მათ ბრიფინგზე განაცხადეს, მე ამას ყოველდღე ვწერ “ფეისბუქზე”. ის, რომ მათ რაღაც ჩანაწერები გააკეთეს, იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში გვისმენენ, მეტს არაფერს ადასტურებს.

დიახ, ისეთი მეთოდებით გააყალბებენ არჩევნებს, რომ 70 ათას ადამიანს, რომელიც იდგა თავისუფლების მოედანზე, მოუწევს საკუთარი არჩევანის დასაცავად გამოსვლა. ერთადერთი ამაზე შეიძლება ყოფილიყო ლაპარაკი, მეტი არაფერზე”, — განაცხადა წერედიანმა.

მისი თქმით, დღეს დაურეკეს სუს-დან და გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ის მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს ჩვენებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაიწყეს გამოძიება “სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე”. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ ხელი შეუშალონ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.

უწყების მტკიცებით, საქმის ფიგურანტები გეგმავდნენ, სხვადასხვა საშუალებებით მოეხდინათ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების გზების ბლოკირება და ამ გზით ხელი შეეშალათ მისი ეტაპირების პროცესისთვის. უწყებამ გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერი ბესო წერედიანის მონაწილეობით, რომელიც უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი