ახალი ამბები

EPP: მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ინიციატივებს ჩრდილოვან კაბინეტებთან დაკავშირებით

29 ოქტომბერი, 2021 • 969
EPP: მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ინიციატივებს ჩრდილოვან კაბინეტებთან დაკავშირებით

ევროპის სახალხო პარტია(EPP) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატების მიერ წარდგენილ კოალიციურ მთავრობებს.

ევროპის სახალხო პარტიის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ ასრულებს წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და აგრძელებს პოლარიზაციის, ძალადობისა და სიძულვილის ენის ხელშეწყობას. რის გამოც პარტია შეშფოთებას გამოხატავს.

„ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ რეპრესიების მორიგი ტალღით ყოფილი სამართალდამცველებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ. ასევე შემაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, პოლარიზაციასა და დაძაბულობას კიდევ უფრო აღრმავებს“, – ნათქვამია EPP-ს განცხადებაში.

ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტონ პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

„ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატების მიერ წარდგენილ ინიციატივას ადგილობრივი კოალიციური მთავრობების ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით, რომელიც აერთიანებს 6 ოპოზიციურ პარტიას მეორე ტურის წინ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში.

ეს არის პოზიტიური მესიჯი ოპოზიციურ პარტიებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და შეიძლება იყოს ეფექტური მოდელი ეროვნული კოალიციური მთავრობისთვის“, – ნათქვამია EPP-ს განცხადებაში.

ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიაა და საქართველოში მისი პარტნიორები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებმა ჩრდილოვანი კაბინეტები წარდადგინეს, რომელშიც „ლელოს“, „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი საქართველოს“ წევრები ერთიანდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი