დღეს, 29 ოქტომბერს, „ევროპულმა საქართველომ“ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართა და მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთნ ბუშტები გაუშვეს ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით და წარწერით: „მოდი არჩევნებზე, აღარ მოეკიდო გაგებით“.

“ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, და ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის მკაფიო. ხვალ გვაქვს შანსი, რომ შევამციროთ ის უზარმაზარი საფრთხე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქმნის ჩვენს ქვეყანას. იმ უფსკრულის პირიდან, სადაც მიგვიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა, ცოტა უკან გამოვიწიოთ და ამასთან ერთად, ყველა მომავალი მთავრობისთვისაც გაკვეთილი იყოს, როდესაც ასე დაუპირსპირდები ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, შენი მოქალაქეების თავისუფლებას, ამისთვის მოქალაქეები დაგსჯიან არჩევნებზე პოლიტიკურად. ეს ორივე ურთიერთდაკავშირებული ამოცანა შეიძლება შესრულდეს ხვალ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

ხვალ, 30 ოქტომბერს, საქართველოს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურში 17 ქალაქში ენმ-ისა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი. ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.