ახალი ამბები

კომპანია Facebook სახელს იცვლის და Meta-ს ირქმევს

28 ოქტომბერი, 2021 • 2855
კომპანია Facebook სახელს იცვლის და Meta-ს ირქმევს

სოციალური ქსელების გიგანტი, კომპანია Facebook სახელს იცვლის და Meta-ს ირქმევს. კომპანიამ ცვლილების შესახებ დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოაცხადა.

მისი პოზიციაა, რომ ახალი სახელწოდება უკეთესად განსაზღვრავს იმას, რასაც კომპანია ახლა აკეთებს. ცვლილება არ შეეხება კომპანიაში შემავალ პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook, Instagram და Whatsapp. იცვლება მხოლოდ მფლობელი კომპანიის სახელი.

Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა კომპანიის გეგმებზეც, რომლებიც უკავშირდება “მეტავერსზე” — ონლაინ სამყაროზე მუშაობას, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში, ხშირ შემთხვევაში, ე.წ. ვირტუალური რეალობის(VR) ჩაფხუტის გამოყენებით.

“მეტავერსის”პირობებში, ადამიანებს კომპიუტერთან ჯდომის ნაცვლად შეუძლიათ, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის/სათვალის გამოყენებით შეაღწიონ ვირტუალურ სივრცეში, რომელიც ყველა სახის ციფრულ გარემოს აკავშირებს ერთმანეთთან.

VR სათვალე; ფოტო: BBC

იმედოვნებენ, რომ “მეტავერსის” გამოყენება შესაძლებელი იქნება ყველაფრისთვის, მუშაობიდან თუ თამაშიდან კონცერტებზე დასწრებით დაწყებული და მეგობრებთან/ოჯახთან ერთად დროის გატარებით დამთავრებული.

“დროთა განმავლობაში, იმედი მაქვს, აღქმულნი ვიქნებით, როგორც მეტავერსული კომპანია და მსურს, ჩვენი მუშაობა და ჩვენი იდენტობა იმაზე დავაფუძნოთ, რასაც ვაშენებთ”, – თქვა ცუკერბერგმა ვირტუალურ კონფერენციაზე.

სახელის შეცვლის გადაწყვეტილება მოჰყვა Facebook-ის შესახებ მთელი რიგი ნეგატიური ისტორიების სერიას, რომელიც კომპანიის ყოფილი თანამშრომლის და აწ უკვე მისი მამხილებლის, ფრენსის ჰაუგენის მიერ გამოტანილ დოკუმენტებს ეფუძნება.

ჰაუგენი ამბობს, რომ კომპანია უსაფრთხოებაზე წინ მოგებას აყენებს, რასაც Facebook უარყოფს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი