ახალი ამბები

საია: პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა გამოწვევად რჩება

28 ოქტომბერი, 2021 • 1019
საია: პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა გამოწვევად რჩება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-3 შუალედური ანგარიში, რომელიც 25 აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს ფარავს. დოკუმენტი აფასებს როგორც პირველი, ასვე მეორე ტურის წინასარჩევნო გარემოს.

“პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და მოქალაქეთათვის არჩევნებში ნების გამოვლენისთვის სავარაუდო ხელშეშლის ფაქტებიც. კვლავ გამოწვევად რჩება, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები, როგორც 2 ოქტომბრამდე, ასევე შემდეგაც. მათ შორისაა სხვისი ნივთის დაზიანებისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები.

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში საიამ აღწერა პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლის ორი შემთხვევა”, — ნათქვამია ანგარიშში.

საია-ს თანახმად, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები, რომელიც მიმართული იყო როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წინააღმდეგ. მათ შორის დააზიანეს “ქართული ოცნების”, ენმ-ის და პარტიის “საქართველოსთვის” პლაკატები.

საია-ს ცნობით, პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ერთი ფაქტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატს უკავშირდება. ამავე პერიოდში გახმაურდა ორი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეების განცხადებით, პარტიათა საარჩევნო სიაში ისინი ნებართვის გარეშე, სავარაუდოდ, დოკუმენტების გაყალბების გზით მოხვდნენ.

ანგარიშში შევიდა არჩევნებში ნების გამოვლენის სავარაუდო ხელშეშლის ფაქტიც — სამეგრელოში წინასაარჩევნოდ ათეულობით
მოქალაქეს, სავარაუდოდ, პირადობის მოწმობები მოტყუებით ჩამოართვეს.

საია-ს ინფორმაციით, 2 ოქტომბრამდე დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი ქმედება, მათ შორის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები; სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური თავდასხმები მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდშიც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.

გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოები ქვემოთ მოყვანილი ყველა შემთხვევით უნდა დაინტერესდნენ, ვინაიდან ფაქტების უმრავლესობა შეიცავს პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის, ხოლო ერთი — სხვისი ნივთის დაზიანების ნიშნებს, რაც სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებებია.

ბესარიონ ბენდელიანის საქმე 

25 სექტემბერს პარტიის „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატის ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილი დაცხრილეს.  ბენდელიანი მომხდარ ფაქტს თავის წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს.

ნონა გრიგალაშვილის საქმე 

„ქართული ოცნების“ კოორდინატორის, ნონა გრიგალაშვილის თქმით, მას 27 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში პარტიის „საქართველოსთვის“ წაღვერის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯონდო კაპანაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გრიგალაშვილი საუბრობს სიცოცხლის მოსპობის მუქარაზეც. მისი განცხადებით, შემთხვევა „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის დაზიანებას მოჰყვა, რაშიც მან კაპანაძე დაადანაშაულა. კაპანაძე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფს. შსს-მ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

როვშან ისკანდიროვის საქმე 

30 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ როვშან ისკანდიროვს სცემეს. მმართველი გუნდის წევრის, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის ზაულ დარგალის განცხადებით, ისკანდიროვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ქვალაძემ სცემა. ეს უკანასკნელი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ნიკა ბაჩილავას საქმე

13 ოქტომბერს მარჯანიშვილის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა ბაჩილავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სამსახურიდან სახლში დაბრუნების დროს სამი ადამიანი დაესხა თავს და ხელკეტებით სცემა. მისივე განცხადებით, თავდამსხმელებს ეკეთათ ნიღბები და მიხეილ სააკაშვილს აგინებდნენ. მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაზარალებულმა პოლიციაში დარეკა, თუმცა ის ადგილზე არ მისულა. ნიკა ბაჩილავა ამ ინციდენტს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ თავდამსხმელები „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები იყვნენ.

ვახტანგ ქებაძის საქმე

14 ოქტომბერს პარტია „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვახტანგ ქებაძეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც 50-ზე მეტი ადამიანი გარს შემოეხვია, სამმა პირმა კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში

“ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის შტაბთან მის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა დავით კირკიტაძის შტაბის სამი წევრი, აქედან ერთი, შავლეგო მანდარია, რუსთავის საკრებულოს წევრია. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი