პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დღეიდან უარს აცხადებს შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, მათ შორის, რეანომობილის მომსახურებაზე.
სააკაშვილის თქმით, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს შეზღუდვა ადვოკატებთან კომუნიკაციის დროს.
„ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე.
მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება“, — ამბობს სააკაშვილი. მისი განცხადება კი ჟურნალისტებს ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ამცნო.
საძაგლიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში დასძენს, რომ პრობლემები, რომლებსაც სააკაშვილს უქმნიან, მიუთითებს იმაზე, რომ – „ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა. მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი და, შესაბამისად, ოცნება ასრულებს რუსულ დავალებას მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებით“.
დღეს სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მასთან კომუნიკაცია შეიზღუდა. კერძოდ, შეხვედრების ოთახში ბოლომდე ამოაშენეს ბარიერი, რის გამოც პირდაპირი კომუნიკაცია მათ სააკაშვილთან ვეღარ აქვთ.