ახალი ამბები

საშხაპე ოთახში სააკაშვილის მიერ დაზიანებული მინა შეიცვალა, გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი – პენიტენციური

26 ოქტომბერი, 2021 • 1363
საშხაპე ოთახში სააკაშვილის მიერ დაზიანებული მინა შეიცვალა, გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი  – პენიტენციური

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას ინფორმაცია, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაწესებულების მესამე სართულზე რემონტი ჩაატარა და მიხელ სააკაშვილის საკნის ფანჯრები დაბურა.

უწყების განმარტებით, მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც, მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ თავად მიხეილ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა. მათივე ინფორმაციით, ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს და ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს.

პენიტენციური სამსახური კობა ნაყოფიას კიდევ ერთ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არცერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება.

“რაც შეეხება კობა ნაყოფიას მიერ გაჟღერებულ კიდევ ერთ ბრალდებას, თითქოს, ციხის ადმინისტრაციამ, ადვოკატების გარდა, ყველა პირს სააკაშვილის წერილების გამოტანა აუკრძალა, გაცნობებთ, რომ პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია კი ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება.

ასევე აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და მისი მეშვეობით დაწესებულებიდან გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არცერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება და სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ეს არის ახალი დაწესებული შეზღუდვა და ვრცელდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.


“ნაციონალური მოძრაობის” წევრ კობა ნაყოფიას თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მნახველებს წერილების გამოტანა აეკრძალათ.

“ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ უკვე გარედანაც კამერამ და ვერავინ ნახოს [სააკაშვილი]. მასთან მიმსვლელს უკვე წერილსაც კი არ ატანენ. მე პირადად როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილის გამოტანა არ შეიძლება. ეს შეიძლება გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა, ალბათ, რომ მივიღოთ მისგან წერილები, იქნება ფოსტა ან ადვოკატი. გასაგებია, რომ მისი ხმის ეშინიათ. სასამართლო პროცესი გადადეს, რომ ხალხმა ის ვერ დაინახოს. სააკაშვილი ხუმრობს ხოლმე თავის კალიგრაფიაზე და ახლა ამ კალიგრაფიით დაწერილი წერილისაც ეშინიათ”, — განაცხადა კობა ნაყოფიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 26 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილმა ციხიდან არაერთი წერილი გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი