ახალი ამბები

EPP: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიყვანოს სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში

27 ოქტომბერი, 2021 • 1166
EPP: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიყვანოს სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში

ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გადაიყვანონ სამოქალაქო სააავადმყოფოში. ამის შესახებ სახალხო პარტიამ დღეს, 27 ოქტომბერს, ტვიტერზე განცხადება გაავრცელა.

„შეშფოთებული ვართ გავრცელებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაიყვანოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 27-ე დღეა, ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის აცხადებს, რომ სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია მის საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა გასცა. მთავრობა ამ დრომდე კატეგორიულად ეწინააღმდეგება სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო საავადმყოფოში და აცხადებს, რომ მზადაა ექსპრეზიდენტი გადაიყვანოს ციხის საავადმყოფოში. სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლას არ აპირებს. ეს საავადმყოფო გლდანის ციხეში მდებარეობს. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კი პირობა დადო, რომ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დაავალებს ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარების შესწავლას.

ომბუდსმენის 24 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, ციხის საავადმყოფო კონსილიუმის რეკომენდაციებთან შეუსაბამოა და უსაფრთხოების რისკიც არსებობს.

იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულება სრულად შეესაბამება არსებულ საჭიროებებს და, შესაბამისად, თუ აუცილებელი გახდა, სააკაშვილს მხოლოდ აქ გადაიყვანენ და არა — სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

აკმაყოფილებს თუ არა ციხის საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო პირობებს

მასალების გადაბეჭდვის წესი