ახალი ამბები

აკმაყოფილებს თუ არა ციხის საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო პირობებს

25 ოქტომბერი, 2021 • 1309
აკმაყოფილებს თუ არა ციხის საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო პირობებს

შეესაბამება თუ არა ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მოშიმშილე მიხიელ სააკაშვილის საჭიროებებს? ამ  საკითხზე განსხვავებულ ინფორმციას ავრცელებენ მთავრობა, ომბუდსმენის ოფისი და პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ადვოკატები.

სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია მის საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა გასცა. მთავრობა ამ დრომდე კატეგორიულად ეწინააღმდეგება სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო საავადმყოფოში. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კი პირობა დადო, რომ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დაავალებს ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარების შესწავლას.

რას ამბობს ჯანდაცვა და იუსტიცია

ომბუდსმენის 24 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, ციხის საავადმყოფო კონსილიუმის რეკომენდაციებთან შეუსაბამოა და უსაფრთხოების რისკიც არსებობს. მათ შორის, სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა, ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

ომბუდსმენის განცხადებას 25 ოქტომბერს იუსტიციის და ჯანდაცვისა მინისტრებმა უპასუხეს. იუსტიციის მინისტრის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში „ერთი ფაქტობრივი შეცდომა იყო“ და  ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში ნამდვილად არის.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულება სრულად შეესაბამება არსებულ საჭიროებებს და, შესაბამისად, თუ აუცილებელი გახდა, სააკაშვილს მხოლოდ აქ გადაიყვანენ და არა — სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა საჭირო ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობაა, რომელიც მოშიმშილე პაციენტს სჭირდება,  N18 სამკურნალო დაწესებულების მონიტორინგი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო მაინც გადაწყვიტა.

„ეს არის A, C ტიპის დაწესებულება. C ტიპის დაწესებულება ენიჭება კლინიკას, რომელსაც აქვს გადაუდებელი საჭიროების მიღების შესაძლებლობა. ციხის საავადმყოფო არ საჭიროებს გადაუდებელი  მიღების საჭიროებას. აქედან გამომდინარე, მას არ მიენიჭებოდა ეს ტიპი, თუმცა, A, C ტიპის დაწესებულება უკვე თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამ კლინიკაში არის ყველა ის საჭირო ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობა, რომელიც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება“, — განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში შესაძლებელია დოპლეროგრაფიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება. ექიმთა კონსილიუმმა სააკაშვილზე სწორედ ამ კვლევების ჩატარების რეკომენდაცია გასცა.

ტიკარაძე როგორც ირწმუნება, ციხეში შესაძლებელია დოპლერის აპარატის მიტანა, კომპიუტერული ტომოგრაფი კი ამ დაწესებულებაში ჩვეულებრივ აქვთ.

„ვინაიდან არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელ ტიპს შეესაბამება ეს კლინიკა, მე დავავალებ რეგულირების სააგენტოს, ეს კლინიკა განმეორებით შესწავლოს და დადოს შესაბამისი დასკვნა მისი მზაობის შესახებ. დასკვნა გასაჯაროვდება იმისათვის, რომ აღარ იყოს კითხვები, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს.

თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტის ინტერესი იყოს თანაბრად დაცული“, — განაცხადა ტიკარაძემ.

რას ამბობს ომბუდსმენის აპარატი

როგორც სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ნეტგაზეთს ეუბნება,  N18 სამკურნალო დაწესებულება 24 ოქტომბერს მოინახულეს. ვიზიტისას მათ განუცხადეს, რომ რეანიმატოლოგი არ ჰყავდათ. როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, დაწესებულებაში რეანიმატოლოგი ომბუდმსენის წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ დანიშნეს.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ ომბუდსმენის დასკვნაში შეცდომა იყო,  მანიპულაციის მცდელობაა.

„ჩვენ ეს ვიზიტი რომ განვახორციელეთ გუშინ, ვიკითხეთ, რეანიმატოლოგი ჰყავდა თუ არა დაწესებულებას. დაწესებულების დირექტორის მოადგილე, მთავარი ექიმი, მკურნალი ექიმი, ყველა აღნიშნავდა, რომ არ ჰყავდათ. ეტყობა, ჩვენი ვიზიტის შემდგომ არის დანიშნული ეს რეანიმატოლოგი და ამგვარად, არის მანიპულაციური მცდელობა, რომ თითქოს ჩვენ არასწორი ინფორმაცია წარმოვადგინეთ. ჩვენ ადგილზე დაგვიდასტურეს გუშინ, რომ იგეგმებოდა დანიშვნა და ეს ამ განცხადებაშიც გვიწერია. არანაირი ცრუ ინფორმაცია ამ განცხადებაში არ გვაქვს. პირიქით, ჩვენი ვიზიტის შემდგომ არის დანიშნული ეს ადამიანი“, — ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ციხის კლინიკაში არსებულ აპურატურასთან დაკავშირებით, ბურჯანაძის თქმით, გუშინდელი ვიზიტისას N18 სამკურნალო დაწესებულებაში არც კომპიუტერული ტომოგრაფი და დოპლერ-სკანირება არ იყო.

„გუშინ გადავამოწმეთ ეს საკითხი. ჩვენ გვაქვს კონსილიუმის დასკვნა, რომელიც ამბობს იმას, რომ თუ პაციენტი გართულდება, მისი გადაყვანა უნდა მოხდეს ისეთ დაწესებულებაში, სადაც ჩამოწერილია სხვადასხვა სამედიცინო საჭიროება. მაგალითად, ერთ-ერთია კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), დოპლერ-სკანირება, მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა(MRT). ესენი, სამწუხაროდ, ამ დაწესებულებაში არ არის“, — ამბობს ბურჯანაძე.

ბურჯანაძეს ვკითხეთ, რამდენად შესაძლებელია, რომ რეანიმატოლოგის მსგავსად, ციხის საავადმყოფოში აღნიშნული სამედიცინო აპარატურაც დაემატებინათ და ხომ არ აქვთ ინფორმაცია მათი დამატების შესახებ.

„გუშინ ნამდვილად არ იყო, თუ დღეს დაამატებენ… CT-ს და MRT-ს შეტანა, მე როგორც ვიცი, ასე მარტივი საქმე არ არის. ძალიან ძვირი სიამოვნებაც არის და სტაციონარულადაც ასე, მობილურივით ვერ შეიტან. დიდი დანადგარია, რომლის ინსტალაციაა საჭირო და ა.შ. ვერ გეტყვით [შეიტანეს თუ არა], არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. გუშინ რაც გადავამოწმეთ, ეს მოთხოვნები ადგილზე არ იყო დაკმაყოფილებული”,— გვითხრა გიორგი ბურჯანაძემ.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ იმ მოთხოვნებს, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების  შემთხვევაში იქნება საჭირო, ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს.

„იმ მოთხოვნებს, რაც დაადგინა კონსილიუმმა, ვერ პასუხობს ციხის საავადმყოფო.  ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა კონსილიუმი იმისთვის შეკრიბა, რომ პირის სამედიცინო საჭიროებები ობიექტურად შეეფასებინათ და მიეწოდებინათ სწორი ინფორმაცია. ამ კონსილიუმმა თქვა, რომ ამ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კლინიკა, თუ პაციენტი დამძიმდება და მისი გადაყვანა მოხდებაო. ამ მოთხოვნებს მე-18 დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს“, — უთხრა ბურჯანაძემ ნეტგაზეთს.


მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა, ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის აცხადებს, რომ სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, 24 ოქტომბრის ღამით პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ანალიზებში „ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა“. მისი სიტყვებით, „საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი“.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, კარდიოლოგმა დავით ფაღავამ თქვა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი