ახალი ამბები

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საჭირო დემოკრატიული რეფორმები უნდა გაამყარონ — შაჰინი

28 ოქტომბერი, 2021 • 1110
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საჭირო დემოკრატიული რეფორმები უნდა გაამყარონ — შაჰინი

წყარო: ამერიკის ხმა

„რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა არის შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან“,- ეს განცხადება სენატორმა ჯინ შაჰინა სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე იმსჯელეს, როგორი უნდა იყოს შეერთებული შტატების მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ.

სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა.

სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები მიზნად ისახავს ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას.

„რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და მის სამხრეთ საზღვრებში ნატოს წარმომადგენლობის ასაცილებლად რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია. 2008 წელს რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს“, – განაცხადა შაჰინმა.

ამერიკელი მაღალი რანგის კანონმდებელი მიიჩნევს, რომ რუსეთი მუდამ მზად იყო და კვლავ მზადაა, ნატოს გაფართოების შესაჩერებლად და შავ ზღვაზე კონტროლის გასაძლიერებლად, გამოიყენოს ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ძალა. მისი თქმით, რუსეთის ბოროტი ზრახვების მაგალითები ნათლად იხილა ივნისში, უკრაინასა და საქართველოში ვიზიტისას.

„რუსეთის ბოროტი ზრახვები აშკარად გამოიკვეთა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში, როდესაც სენატორი მერფი და მე უკრაინასა და საქართველოს ვეწვიეთ. ჩვენ მივედით სამხრეთ ოსეთის საზღვართან, სადაც ვიხილეთ რუსეთის მიერ მიმდინარე ბორდერიზაცია და საქართველოს წინააღმდეგ მტრული ქმედებები. რუსეთის ტერიტორიული აგრესია, როგორიც არის საზღვრიდან ღობის გადაადგილების გაგრძელება, რუსეთის სამხედრო ქცევის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილია და მისი დაგმობა უნდა გაგრძელდეს. მე ძალიან ვაფასებ იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა, რომელიც 70 წელზე მეტია ინარჩუნებს მსოფლიო წესრიგს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის საომარი ქცევების საპასუხოდ, ყირიმის ანექსიის შემდეგ. ნატომ წარმატებით გაამყარა ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა. „Sea Breeze” არის ყოველწლიური წვრთნები, რომელიც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მონაწილეობით იმართება და სოლიდარობის მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი მოკავშირეებისთვის შავი ზღვის რეგიონში“, – აცხადებს სენატორი.

თუმცა სენატორი მიიჩნევს, რომ შავი ზღვის საკითხებზე ნატოს პასუხი მეტ კოორდინაციასა და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს, რადგან რუსეთის აგრესიასთან ბრძოლის გასაღები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია.

სენატორი შაჰინი, სენატში სიტყვით გამოსვლისას, გამოეხმაურა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტსაც საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში.

„მე მამხნევებს ნატოს გენერალური მდივნის ბოლო გზავნილი იმის შესახებ, რომ ჩრდილო- ატლანტიკური ალიანსი რეგიონის თავდაცვისთვის ყოვლისმომცველ გეგმას შეიმუშავებს. ასევე მოხარული ვარ, რომ გასულ კვირას შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვია. ვფიქრობ, ეს იყო რუსეთის მიერ შავი ზღვის კონტროლის მცდელობის წინააღმდეგ მიდგომის ცვლილების მისასალმებელი ნიშანი“, – აცხადებს შაჰინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი