ახალი ამბები

„მთავარ არხს“ ჭიათურისა და ქარელის მერობის კანდიდატებიც უჩივიან

26 ოქტომბერი, 2021 • 1660
„მთავარ არხს“ ჭიათურისა და ქარელის მერობის კანდიდატებიც უჩივიან

„მთავარ არხს“ „ქართული ოცნების“ კიდევ ორი მერობის კანდიდატი უჩივის და კომპენსაციის სახით 55 555 ლარს ითხოვს.

საუბარია ჭიათურისა და ქარელის მერობის კანდიდატებზე, რომლებიც „მთავარ არხსა“ და მის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას პატივისა და ღირსების შეურაცხყოფას ედავებიან. მსგავსი მიზეზითა და მოთხოვნით „მთავარ არხს“ „ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმაც უჩივლა.

როგორც ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ამბობს, „მთავარმა არხმა“ მის შესახებ არარსებული ამბები შეთხზა.

„ყველასთვის გულისამრევია, ადამიანს დააბრალო ის, რაც არ მომხდარა მის ცხოვრებაში და ბუნებაში არ არსებობს. [ნიკა გვარამია] ამ ყველაფრის ტირაჟირებას პირდაპირ ეთერში აკეთებდა. არ მოისვენა ერთი ფაქტით, რომელიც არარსებული იყო და მან გააკეთა ჩემი ფოტოსურათი და ჩემ გარშემო ისეთი ამბები შეთხზა, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენ მოვამზადეთ სარჩელი, რომელიც დღეს შეგვაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის  ვითხოვთ სიმბოლურ თანხას – 55 555 ლარს, რომელიც ბავშვთა ფონდში გადაირიცხება“, — დღეს, 26 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა გივი მოდებაძემ.

ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი კი ამბობს, რომ „მთავარ არხის“ მხრიდან ცილისწამებასა და პირად შეურაცხყოფას სამართლებრივად დაადასტურებს.

„ნიკა გვარამიასა და „მთავარ არხს“ მათ მიერ წარმოებული შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის კამპანიისთვის ვთხოვ გარკვეულ თანხას, ეს არის 55 555 ათას ლარი, სიმბოლურად კომპენსაციის სახით, რაც საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რომ ეს ამორალური ადამიანები ცილისწამებასა და პირად შეურაცხყოფაზე არიან გადასული, ამ ყველაფერს სამართლებრივადაც დავადასტურებთ, სარჩელი შეტანილი გვაქვს, რათა პასუხი აგონ ამ უმსგავსობაზე და იმ სიძულვილის ენაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებიდან მოედინება“, — განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

20 ოქტომბერს, ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ „მთავარ არხს“ პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩის და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ის 55 555 ლარს ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რაზე ჩივიან „ქართული ოცნების“ მერობი კანდიდატები, თუმცა „მთვარ არხს“ მათი საქმიანობის შესახებ არაერთი სიუჟეტი აქვს მომზადებული, რომელთა მიხედვით, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატთა ნაწილი წლების განმავლობაში იყო სუს-ის ფარული თანამშრომელი. როგორც „მთავარი არხი“ იტყობინება, სუს-ში ზაზა გულიაშვილის მეტსახელი იყო „ჩლიქოსანი“, იოსებ ხახალეიშვილის — „ბოცა“, გივი მოდებაძის — „ციცქა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი