ახალი ამბები

იოსებ ხახალეიშვილი „მთავარ არხს“ უჩივის და 55 555 ლარს ითხოვს

20 ოქტომბერი, 2021 • 2083
იოსებ ხახალეიშვილი „მთავარ არხს“ უჩივის და  55 555 ლარს ითხოვს

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი „მთავარ არხს“ პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის. ამასთან დაკავშირებით ხახალეიშვილმა დღეს, 20 ოქტომბერს, ბრიფინგი გამართა.

ხახალეიშვილის თქმით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ის 55 555 ლარს ითხოვს.

“შემაქვს სარჩელი ტელეკომპანია „მთავარი არხის“, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტი,ს ეკა გაგუას წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ჩემი მოთხოვნაა, იგივე ტელევიზიის მიერ საჯაროდ უარყოფილ იქნას ცილისმწამებლური ინფორმაცია და იმავე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით”, — განაცხადა ხახალეიშვილმა.

9 ოქტომბერს „მთავარ არხზე“ ქუთაისის მერობის კანდიდატთან დაკაშვირებით ჟურნალისტ ეკა გაგუას სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ იოსებ ხახალეიშვილი უშიშროების აგენტია და მისი მეტსახელი არის „ბოცა“.

როგორც „მთავარი არხის“ იურისტმა თამთა მურადაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მათ ჯერ არ უნახავთ ხახალეიშვილის სარჩელი, თუმცა მასთან სამართლებრივად დავისთვის მზად არიან.

„ჯერ სასამართლოსგან სარჩელი არ მოგვსვლია. იჩივლოს, არ არის პრობლემა. როგორც ვხედავ, ის სამართლებრივად ვერ აღიქვამს სიტუაციას, რომ ეს პოლიტიკური გამოხატვის ფარგლებში იყო და მას თმენის მაღალი ვალდებულება აქვს. თუმცა, ვინაიდან შემოაქვს სარჩელი, ვიდავებთ და დაველოდებით, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი