ახალი ამბები

“რა იძულებაზეა საუბარი 21-ე საუკუნეში” — პაპუაშვილი აქციაში საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობაზე

26 ოქტომბერი, 2021 • 1418
“რა იძულებაზეა საუბარი 21-ე საუკუნეში” — პაპუაშვილი აქციაში საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობაზე

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი უარყოფს, რომ ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს 27 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას აიძულებს.

“ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. რა იძულებაზეა საუბარი 21-ე საუკუნეში, როდესაც თავისუფალი გარემო გვაქვს?! ჩვენ გვყავს ყველაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერი. საშუალოდ ერთი მილიონი ადამიანი გვაძლევს ხმას, ამიტომ, რა გასაკვირია, რამდენიმე ათეული ათასი თუ მოვა აქციაზე? ამ აქციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მოქალაქეები, იქნება ეს კერძო სექტორში თუ საჯარო  სექტორში დასაქმებული. ყველა ადამიანი არის ამომრჩეველი და ესეც არის ერთ-ერთი ნიშანი, როგორ უდიერად ეპყრობა ენმ საკუთარ მოქალაქეებს და ყოფს კერძო სექტორში თუ საჯარო სექტორში მომუშავედ”, — განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” დაანონსებული აქციის კონტრაქციად მოხსენიება მისი “დამცირების მცდელობაა”.

“ეს არის ბოლშევიკური მიდგომა “ნაციონალური მოძრაობის”, რომ მხოლოდ მათი აქცია არის აქცია, მათი ამომრჩეველი არის ამომრჩეველი, მხოლოდ მათი პატიმარი არის პატიმარი და ა.შ. ხვალინდელი შეკრება გახლავთ საარჩევნო შეხვედრა, რომელიც არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომ მოხდეს ამომრჩევლის მობილიზება, განწყობის აწევა იმისთვის, რომ ის გამარჯვება, რომელიც მოვიპოვეთ 2 ოქტომბერს, მივიყვანოთ ბოლომდე. დამშვიდდნენ, უყურონ აქციას და მიიღონ ის რეალობა, რომელიც დადგება 30 ოქტომბერს”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აქცია კოვიდრეგულაციების დაცვით ჩაივლის. “ქართული ოცნების” აქცია 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი