ახალი ამბები

ათასმა პატიმარმა რომ იშიმშილოს, სამოქალაქო საავადმყოფოში ყველას ვერ გადაიყვან — კობახიძე

25 ოქტომბერი, 2021 • 1640
ათასმა პატიმარმა რომ იშიმშილოს, სამოქალაქო საავადმყოფოში ყველას ვერ გადაიყვან — კობახიძე

„ათასმა პატიმარმა უცბად რომ გამოაცხადოს შიმშილობა, ბუნებრივია, სამოქალაქო საავადმყოფოში ყველას ვერ გადაიყვან“, — ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის მიმართ მოპყრობა ადამიანის უფლებების შესაბამისად გაგრძელდება.

„როდესაც პატიმარს ეხება საქმე, მისი უფლებები დაცული უნდა იყოს. ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული იმ საერთო სტანდარტის შესაბამისად, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ პატიმარზე. ათასმა პატიმარმა უცბად რომ გამოაცხადოს შიმშილობა, ბუნებრივია, სამოქალაქო საავადმყოფოში ყველას ვერ გადაიყვან. [ციხის საავადმყოფოში] სათანადო პირობებია იმისათვის, რომ პატიმარმა გაიაროს ყველა პროცედურა. აქედან გამომდინარე, ადამიანების უფლებების სტანდარტების შესაბამისად იქნება ის მოპყრობა, რასაც მიჩვეულები არიან ჩვენი პატიმრები 2012 წლის შემდეგ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტმა კობახიძეს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე ჰკითხა აზრი. კერძოდ, ღარიბაშვილმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაყვანა სურს, რადგან ფიქრობს, რომ “30 ოქტომბერს გარკვეული მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და საავადმყოფოდან გაიყვანდნენ”.

“რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას?!”, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხავზე.


მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა, ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის აცხადებს, რომ სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, 24 ოქტომბრის ღამით პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ანალიზებში „ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა“. მისი სიტყვებით, „საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი“.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, კარდიოლოგმა დავით ფაღავამ თქვა, რომ  კონსილიუმმა სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

მიუხედავად ამისა, იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულება სრულად შეესაბამება არსებულ საჭიროებებს და, შესაბამისად, თუ აუცილებელი გახდა, სააკაშვილს მხოლოდ აქ გადაიყვანენ და არა — სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

ციხის საავადმყოფო გუშინვე შეამოწმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენის ინფორმაციით, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე, ომბუდსმენის შეფასებით, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი