ახალი ამბები

გამყრელიძე: სავალდებულო აცრის საკითხი, ვფიქრობ, ნოემბერში უნდა გადაწყდეს

24 ოქტომბერი, 2021 • 2150
გამყრელიძე: სავალდებულო აცრის საკითხი, ვფიქრობ, ნოემბერში უნდა გადაწყდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ნოემბერში უნდა გადაწყდეს.

გამყრელიძის თქმით, ერთი მხრივ რიგ ჯგუფებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო უნდა გახდეს, ასევე დაინერგოს ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია აცრების მაჩვენებლის ზრდისთვის:

“სოფლებში რომ დავდივართ გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულოა, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას.

ამ თვალსაზრისით,ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია, რომელსაც ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების შემდგომი ინტენსიფიცირების თვალსაზრისით. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი