ახალი ამბები

მეორე ტურები სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო — ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი, 2021 • 1557
მეორე ტურები სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილში “ქართულმა ოცნებამ” გამარჯვება გიორგი გახარიას ფაქტორის გამო ვერ შეძლო. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა 23 ოქტომბერს, ქუთაისში ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში “ოცნების” კანდიდატის კონკურენტზე, ხატია დეკანოიძეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელს “წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება” ქალაქში.

“გასაგებია ის შედეგი, რაც მიიღო [დეკანოიძემ პირველ ტურში]. ეს იყო სააკაშვილის დროებითი ეფექტი. თუმცა, ვნახეთ, როგორ დასრულდა სააკაშვილის მიერ გენიალურად დაგეგმილი ავანტიურა. ციხეში ამოყო თავი”,  — დასძინა მან.

ამის შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ღარიბაშვილს შეახსენა, რომ პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა სწორედ ენმ-ის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მიიღო.

მან პრემიერს ჰკითხა, ხომ არ ფიქრობს, რომ “ოცნებისადმი” ადგილობრივთა ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი ქუთაისიდან პარლამენტისა და სხვა უწყებების გადატანაა.

საპასუხოდ, ღარიბაშვილმა გახარია ახსენა და სწორედ მმართველი გუნდიდან წასული და ოპოზიციაში გადასული ექსპრემიერის ფაქტორს მიაწერა მეორე ტურების საჭიროება როგორც ქუთაისში, ისე — სხვაგან.

“რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული თავდაჯერებულობით მინდა ვთქვა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა ჩვენი კანდიდატი. ქუთაისის საკრებულოში გვაქვს უმრავლესობა. ეს ერთი.

მეორე: მეორე ტურები სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო და არა სააკაშვილის გამო. ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, მეორე ტურში ვინ არის ჩვენი კონკურენტი? მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის კანდიდატები.

რა თქმა უნდა, მათ, ყველას, დავამარცხებთ ყველა მუნიციპალიტეტში. მათ შორის ქუთაისში”, — დასძინა მან.

ცესკოს თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ქუთაისში ხმათა უმრავლესობა(43.335%) ხატია დეკანოიძემ მიიღო. მეორე ადგილზეა “ოცნების” კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ხმათა 41.45%-ით, მესამეზე კი გახარიას პარტიის კანდიდატი გიორგი გოგუაძე 8.717%-ით.

არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი