ახალი ამბები

ახალი წლიდან რუსთავში ლიფტები უფასო იქნება — „ოცნების“ მერობის კანდიდატი

21 ოქტომბერი, 2021 • 1919
ახალი წლიდან რუსთავში ლიფტები უფასო იქნება — „ოცნების“ მერობის კანდიდატი

„ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში რუსთავში ლიფტებით სარგებლობა მოსახლეობისთვის უფასო იქნება და ამ თანხას ქალაქის მერია აანაზღაურებს. ამის შესახებ ლაცაბიძემ დღეს, 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო. ძველი ,ამორტიზირებული ლიფტების ახალი ლიფტებით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტროენერგიის თანხა, რომლის აკრეფაც და შეგროვებაც ძალიან ხშირად უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ.

ასევე, ამ პროგრამის ფარგლებში გავაუქმებთ, ამხანაგობებთან შეთანხმებით, ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებთ კიდევ უფრო აქტიურად ძველი, ამორტიზირებული ლიფტების ახალი, ევროპული სტანდარტით ლიფტებით ჩანაცვლებას.

რუსთავში შეიქმნება ლიფტების მოვლის მომსახურების სერვისი და ჩვენ შევძლებთ, რომ რუსთავში სრულად განვაახლოთ ლიფტები და სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება, თითოეული რუსთაველი უფასოდ ისარგებლებს მის კორპუსში არსებული ლიფტით“, — განაცხადა ლაცაბიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერობისთვის ნინო ლაცაბიძე იბრძვის „ქართული ოცნებიდან“ და დავთ კირკიტაძე ენმ-დან. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი