ახალი ამბები

5 ივლისის ძალადობაში ბრალდებული 27 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

21 ოქტომბერი, 2021 • 1298
5 ივლისის ძალადობაში ბრალდებული 27 პირი  სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დღეს, 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაზე ბრალდებული 27 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

ბრალდებულების ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა მათი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

5 ივლისს თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ათეულობით ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს “ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მედიის ორგანიზებით გაიმართა რამდენიმე აქცია პარლამენტთან, შსს-სთან და პროკურატურასთან.

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ 27 პირი დააკავა, თუმცა ჯერჯერობით ძალადობის ორგანიზებისთვის დაკავებული არავინაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი