ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამბობს, რომ თანამდებობას პროტესტის ნიშნად ტოვებს

21 ოქტომბერი, 2021 • 1466
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამბობს, რომ თანამდებობას პროტესტის ნიშნად ტოვებს

რევაზ ლაზიშვილი ამბობს, რომ სამეგრელოში პოლიციელის დაკავებისა და ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, თანამდებობას ტოვებს.

„მე ვარ რევაზ ლაზიშვილი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სადგურ ანაკლიის უფროსი. მინდა განცხადება გავაკეთო თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა. კერძოდ, პოლიციის თანამშრომლის, რუსლან შამახიას დაკავებამ, სახლში ჩხრეკის ჩატარებამ, ბავშვების დაწიოკებამ. მე შამახიასთან მიმუშავია და კარგ პოლიციელად ვახასიათებ.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე, დავტოვო თანამდებობა. არ შემეძლო, კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე“, — ამბობს ის.

ლაზიშვილის თქმით, ამ საკითხზე დამატებით საუბარს არ აპირებს.

„ეს არის ჩემი პროტესტი… ისინი ღირსეული პოლიციელები არიან და მათ სჭირდებათ დღეს გვერდში დგომა“, — ამბობს ლაზიშვილი.

აღნიშნულს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განაცხადა, რომ რაც მალე გაიწმინდება პოლიცია ისეთი ადამიანებისგან, ვისაც პარტიული მოღვაწეობა სურს, მით უკეთესი იქნება.

„ჩემი სრული მხარდაჭერა მთელს პოლიციას, ჯარს, მათ შორის ყოფილებს, ყველა იმ ღირსეულ ოფიცერს, რომელიც ღირსეულად ატარებს თავის მუნდირს. მე მქონდა შემდეგი პოლიტიკა, ვიყავი რა შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი, ყოველთვის ვეუბნებოდი შემდეგს ჩვენს ოფიცრებს – თქვენ გაცვიათ მუნდირი და ამ მუნდირს სჭირდება ღირსეული ტარება. ვისაც სურს პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში, ეს არის ჩემი პოზიცია. რაც მალე მოხდება ლუსტრაცია და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის, გაიწმინდება ჩვენი პოლიცია ასეთი ფსევდოოფიცრებისგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ჩატარდა.

„მთავარი არხის“ თანახმად, ხობში ჩატარებულ ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დირექტორი მამუკა ჭელიძე. მათივე თქმით, დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, რომელსაც „ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს“.

რაც შეეხება ჩხრეკას, თავად რუსლან შამახია, ყოფილი მაიორი, აცხადებს, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა – „შეცვივდნენ, არივ-დარიეს სახლი, სეიფი გააღეს და მქონდა გაფორმებული თოფები, რომლებიც, როგორც მეუბნება მეუღლე, წაიღეს“.

შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება, თუმცა, კრიმინალური პოლიციის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებთან უარყო, რომ ზუგდიდში იმყოფებოდა და განაცხადა:

„სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა რეგიონში, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“.

სამეგრელოში ერთი ყოფილი ძალოვანი დააკავეს, მეორის სახლი გაჩხრიკეს — ენმ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი