ახალი ამბები

“თავისუფალი ლიტერას” კონკურსი 6 ნომინაციით გაიხსნა

21 ოქტომბერი, 2021 • 942
“თავისუფალი ლიტერას” კონკურსი 6 ნომინაციით გაიხსნა

„საქართველოს პენცენტრი“ გახსნილად აცხადებს ლიტერატურულ პრემიას „თავისუფალ ლიტერას“.

პრემია 6 ნომინაციაში გაიცემა, ესენია:

• წლის საუკეთესო პროზაული კრებული
• წლის საუკეთესო რომანი
• წლის საუკეთესო პოეტური კრებული
• წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
• წლის საუკეთესო წიგნის  დიზაინი
• წლის საუკეთესო დებიუტი
ორგანიზაციის თქმით, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია- 5000 ლარი.

„თავისუფალი ლიტერა“ ერთჯერადი კონკურსია, რომლის მიზანიც მწერლების მხარდაჭერაა. „პენცენტრმა“ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ლიტერას“ პრემია ჩაიშალა.

„შესაბამისად, ლიტერატურული პრემიის კონკურსზე განიხილება მხოლოდ ის წიგნები, რომლებიც წლევანდელ  უკვე ჩაშლილ “ლიტერაზე” იყო წარდგენილი; წიგნის კონკურსზე წარდგენა შეუძლია მხოლოდ გამომცემელს;  კონკურსის შედეგებს აფასებს ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება, გამარჯვებული კი ფარული კენჭისყრით გამოვლინდება. ჟიური იტოვებს უფლებას, გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად“, – წერს „პენცეტნრი“.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ოქტომბერი, 00:00 საათამდე.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ, თუმცა წელს ჩაიშალა მწერლებისა და გამომცემლობების ნაწილის პროტესტის შემდეგ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი