ახალი ამბები

გოგელიას კლინიკის ექიმი 2020 წლიდან უკანონოდ საქმიანობდა და საქმე პროკურატურას ჰქონდა გადაცემული – სააგენტო

20 ოქტომბერი, 2021 •
გოგელიას კლინიკის ექიმი 2020 წლიდან უკანონოდ საქმიანობდა და საქმე პროკურატურას ჰქონდა გადაცემული – სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს გოგელიას კლინიკასთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქეები გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინით აცრეს.

უწყების ინფორმაციით, კლინიკას არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის უფლება არ ჰქონდა და ექიმს შესაბამისი სერთიფიკატიც არ გააჩნია.

“კლინიკას იმუნიზაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდა, რადგან მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის რეესტრში, აღნიშნულ მისამართზე აღნიშნული საიდენტიფიკაციო კოდით, დარეგისტრირებული არ არის. რაც შეეხება ექიმს, 2020 წელს სააგენტომ გამოავლინა, რომ აღნიშნული პირი ეწეოდა უკანონო საექიმო საქმიანობას და გაყალბებული სერთიფიკატებით საქმიანობდა. აღნიშნული პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და ასევე, საქმე  გადაეცა პროკურატურას”, — განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ.

მისი თქმით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ამ ეტაპზე გოგელიას კლინიკაში იმყოფებიან და საქმის დეტალებს ეცნობიან.

ზაალ კაპანაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, აბულატორიული ტიპის საქმიანობის დაწყება ხდება სააგენტოში სავალდებულო შეტყობინებას განხორციელების ნიადაგზე, თუმცა მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამბულატორიული კლინიკისთვის საქმიანობის დაწყების მექანიზმს ბევრად გააუმჯობესებს.

“იმისათვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მსგავსი ტიპის შემთხვევები, მნიშვნელოვანია, რომ ამბულატორიული დაწესებულების გახსნისთვის საჭირო იყოს სააგენტოს წინასწარი ნებართვა და სამედიცინო საქმიანობის დაწყების საფუძველი არ გახდეს მხოლოდ შეტყობინება. აღნიშნული კანონი 2009 წელს არის მიღებული. განახლება ყველაფერს სჭირდება, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრომ და სააგენტომ მოამზადა პაკეტი, რომელიც გადაგზავნილია პარლამენტში და ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში იმსჯელებენ”, _ განაცხადა რეგულირების სააგენტოს დირექტორმა.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.

მოქალაქეების თქმით, კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი