ახალი ამბები

მოქალაქეების თქმით, კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს

20 ოქტომბერი, 2021 • 2517
მოქალაქეების თქმით, კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს

მოქალაქეები ამბობენ, რომ თბილისში, “გოგელიას კლინიკაში“ გრიპის ვაქცინის ნაცვლად ც ვიტამინი გაუკეთეს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნულ კლინიკას არ ჰქონდა აცრების გაკეთების უფლება, რადგან ამ მისამართიდან ლიცენზიაზე განცხადება არ იყო შესული. უწყებაში ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფი ახლა ადგილზეა.

„სამწუხაროდ, დარწმუნებულები არ ვართ, რომ ც ვიტამინი იყო, ეს უბრალოდ ჩვენი ვარაუდია, რადგან ვნახეთ გაუხსნელი ფლაკონები“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. ის ამატებს, რომ არ არიან დარწმუნებული არც იმაში, ინდივიდუალური შპრიცებით გაუკეთეს პრეპარატი თუ არა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ აცრამდე მათ ფლაკონები არ ანახეს. თუმცა, წინასწარ გადაახდევინეს 75 ლარი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი ამბობს, რომ მათი მისვლისთანავე კლინიკა ყველამ დატოვა.

დაზარალებულებს შორის ერთ-ერთი ფეისბუკზე საჯარო პოსტში წერს, რომ აცრა მის მცირეწლოვან შვილს თანხმობის გარეშე გაუკეთეს.

„მეგობრებო , ამ კლინიკაში არც გაბედოთ მისვლა, ისედაც შეუჩერებენ საქმიანობას, ვაქსიგრიპზე (სეზონურ გრიპის ვაქცინით) აცრაზე ჩავწერე შვილი და დედა, დიდი ისტორიაა, როგორ. მაგრამ მივაკვლიეთ, რომ ვაქცინის მაგივრად ბავშვს და დედას გაუკეთეს ც ვიტამინი.

ავიღე ეჭვი, რადგან საბუთი და ყუთი არ მანახეს და როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე, უცებ აუწიეს ხელი და დაარჭვეს ნემსი. ჩავვარდი შოკში და ავტეხე ამბავი, მივყევი ბოლომდე, ჩავრთე მთელი თბილისი, ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს, რომ აცრეს ც ვიტამინით“, – წერს ის.

კლინიკაში ნეტგაზეთის ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობენ. პასუხს ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც.

გარეკანი ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი