ახალი ამბები

60+ მოქალაქეებში აცრაზე მიმართვიანობა 332.41%-ით გაიზარდა — ჯანდაცვა 

18 ნოემბერი, 2021 • 1810
60+ მოქალაქეებში აცრაზე მიმართვიანობა 332.41%-ით გაიზარდა — ჯანდაცვა 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, რომლის თანახმადაც, 60 წელს გადაცილებული პირები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა.

“იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პენსიონერები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან რეგიონებში. თუ შევადარებთ ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემებს, განსხვავება აშკარაა. მაგალითად, 7 ნოემბრიდან შიდა ქართლის რეგიონში 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697.39%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 586.11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ხოლო გურიაში ამავე ასაკობრივ ჯგუფში 568.18%-ით მეტი ადამიანი აიცრა. საერთო ჯამში, საქართველოში, 8 ნოემბრიდან, 60 წელს ზემოთ 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით 332.41%-ით მეტია”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო

ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს. ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი