ახალი ამბები

მედიაკოალიცია „ოცნებას“ სადავო კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

20 ოქტომბერი, 2021 • 1096
მედიაკოალიცია „ოცნებას“ სადავო კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის“ შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც კრძალავს საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს, არ არის განჭვრეტადი და არ ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და დაუყოვნებლივ გაიწვიოს სადავო დოკუმენტი.

“მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს და მათ წევრებს ჰქონდეთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ და საჯარო დებატებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ხელისუფლების პოლიტიკას, ან იყოს არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელი რომელიმე ჯგუფისთვის. ვენეციის კომისიის განმარტებით, 2 პოლიტიკური კამპანიის კონტექსტში არ შეიძლება სახელმწიფომ მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც სხვების უფლებების ან რეპუტაციის დაცვის მიზნით ზღუდავს პოლიტიკური სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას.

აგრეთვე, ისეთი ტერმინები, როგორიცაა, მაგალითად, “კანდიდატის პატივისა და ღირსების შელახვა”, ვენეციის კომისიამ მიიჩნია ფართო და ზოგად ფორმულირებად, რომელიც შეიცავს გამოხატვის თავისუფლების მომეტებული და არათანაზომიერი შეზღუდვის რისკებს. ასეთმა ფართო განმარტებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტენსიური პოლიტიკური კამპანიის შეფერხება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების სათანადოდ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვისთვის”, — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

გარდა ამისა, კოალიციის განცხადებით, ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს სააგიტაციო მასალებში კანდიდატების შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიებას.

რაც შეეხება ინიცირებული ცვლილებებით მედიის თავისუფლების შეზღუდვას, კოალიციას მოჰყავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის განმარტება, რომ მედია არ უნდა იყოს სამართლებრივად პასუხისმგებელი კანონთან შეუსაბამო ისეთი განცხადებისთვის, რომელიც გაკეთებულია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

“მედიასაშუალებების დასჯა მსგავსი გამონათქვამებისთვის ქმნის იმის რისკს, რომ მაუწყებელი თვითცენზორი გახდეს, რაც სრულად მიუღებელია საერთაშორისო სამართლისთვის.

ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებები, მიუხედავად გაცხადებული მიზნებისა, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, არაპროპორციულად ერევა მედიის საქმიანობაში, აკისრებს რა მაუწყებლებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით”, — ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციის შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა კანონმდებლობაში ახალი ცნების ე.წ. „უარყოფითი დამოკიდებულების” შემოტანა, რომელიც არ არის ნათელი და განჭვრეტადი, შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან ფორმულირებას, რაც ქმნის ტერმინის პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით განმარტებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაკონსტიტუციური ჩარევის რისკს.

“გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ფართოდ არის დაცული. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, მათ შორის გააკრიტიკონ ოპონენტი პოლიტიკური რეკლამის მეშვეობით, რომელიც საარჩევნო კოდექსის თანახმად, შესაძლოა, საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან ხელის შეშლას ისახავდეს მიზნად”, — ნათქვამია განცხადებაში.

ამ თემაზე:

„ოცნება“ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვის წინააღმდეგ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი