პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 19 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა სრული მობილიზება არჩევნების მეორე ტურისთვის.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 ოქტომბერს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში იმართება როგორც მერის ასარჩევად, ისე — საკრებულოების საბოლოოდ დასაკომპლექტებლად.
„თითოეულ მუნიციპალიტეტში, სადაც გაიმართება მეორე ტურები, ჩვენ დავიწყეთ შეხვედრა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ.
ჩვენ დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცემთ პროვოკაციის მოწყობის არცერთ საბაბს. ბუნებრივია, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისათვის, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში და ქვეყანამ ერთხელ და სამუდამო დაისვენოს ამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მომდინარეობს მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან“, — უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, „სრული მობილიზება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი არცერთი ამომრჩეველი არჩევნების დღეს არ დარჩეს სახლში.“
ღარიბაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტების ნაწილში „ოცნების“ ამომრჩევლების ნაწილმა მიიჩნია, რომ მმართველი გუნდი ისედაც იმარჯვებდა და ამიტომ არ მივიდა არჩევნებზე“.
სწორედ ამიტომ, პრემიერი ხელისუფლების მხარდამჭერებს სრული მობილიზაციისა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.