ახალი ამბები

შვეიცარიის შეთანხმება საქართველოსთან სათბურის აირების ემისიის შესამცირებლად

18 ოქტომბერი, 2021 • 1082
შვეიცარიის შეთანხმება საქართველოსთან სათბურის აირების ემისიის შესამცირებლად

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა საქართველოსთან და დომინიკასთან გარემოს დაცვის ორმხრივ შეთანხმებას.

ეს შეთანხმება შვეიცარიას აძლევს საშუალებას, სათბურის აირების ემისია, შვეიცარიის ტერიტორიის გარდა, სხვა ქვეყნების ხარჯზეც შეამციროს.

პარიზის შეთანხმების ფარგლებში შვეიცარიას სურს, თავისი სათბურის აირების 1990 წლის დონე ნახევრამდე შეამციროს. ის გეგმავს, რომ ამ მიზანს, პირველ რიგში, საშინაო ღონისძიებების გატარების შედეგად მიაღწევს. თუმცა პარიზის შეთანხმება ასევე იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოებმა კლიმატის მიზნების მიღწევა სხვა ქვეყნებში განხორციელებული პროექტებითაც შეძლონ.

ეს შვეიცარიას აძლევს შესაძლებლობას, სხვა ქვეყნებში შემცირებული ემისია საკუთარი მიზნის მიღწევისთვის გამოიყენოს.

საქართველოსთან გაფორმებული გარემოს დაცვის ორმხრივი შეთანხმება გულისხმობს შენობებში ენერგოეფექტურობის პრინციპების ხელშეწყობას, ხოლო დომინიკაში წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად, სატრანსპორტო სისტემის ელექტროფიკაციასა და გეოთერმული ენერგიის განვითარებას.

შვეიცარიას მსგავსი შეთანხმება გაფორმებული აქვს პერუსთან. იმავე შეთანხმებების დადება იგეგმება სენეგალსა და განასთანაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი