ახალი ამბები

თამარ ჟვანია: არ ვაპირებ წასვლას

21 ივნისი, 2021 • 1247
თამარ ჟვანია: არ ვაპირებ წასვლას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, მოითხოვოს ნებისმიერი საარჩევნო ადმინისტრატორის, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარის არგუმენტების გარეშე გადადგომა.

როგორც ჟვანიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, ეს არის ნონსენსი და საზოგადოებამ  არ უნდა დაუშვას, თუ [გაყალბების] მტკიცებულებები არ არსებობს.

“ამ შემთხვევაში თვეების განმავლობაში ველოდებოდით ამ მტკიცებულებებს, თქვენი კომისიაც ელოდებოდა და არ მინახავს, აქ ვინმე შემოსულიყო და მტკიცებულება მოეტანა”, — განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საგამოძიებო კომისიის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ალუდა ღუდუშაურმა ცესკოს თავმჯდომარეს დაუდასტურა, რომ გაყალბების “არცერთი მტკიცებულება არავის მოუტანია და არც მტრედისთვის გამოუტანებიათ”.

“ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გადადგომის საკითხი უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრატორის გადასაწყვეტი იმიტომ, რომ ის არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი და არცერთ პოლიტიკურ ძალას — ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მყოფს — არ უნდა ჰქონდეს საშუალება და არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ მისი პოლიტიკური სურვილის გამო ადმინისტრატორები იცვლებოდნენ, ეს ვიქნები მე თუ შემდეგი ნებისმიერი ადმინისტრატორი.

როდესაც იმ ძალიან დიდი ზეწოლის, შანტაჟის, მუქარის, შეურაცხყოფის პირობებში მე ვიყავი ძლიერი, ძლიერი ვიყავი იმიტომ, რომ ჩვენ უკან იდგა სიმართლე. ჩვენ ველოდებოდით დასტურს, სად ვიყავით მტყუანი. ასეთი დასტური არ არსებობს”, — განაცხადა თამარ ჟვანიამ იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რას ფიქრობს ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნაზე მისი გადადგომის შესახებ.

თამარ ჟვანიას თქმით, პოლიტიკური მოთხოვნის გამო მისი გადადგომა “ძალიან ცუდი მესიჯი იქნებოდა ნებისმიერი შემდეგი ადმინისტრატორისთვის”.

საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

“იყო გარკვეულად ხარვეზიანი არჩევნები, მათი მასშტაბები გარკვეული პროცენტით იქნა უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე, თუმცა ეს არ იყო გაყალბებული არჩევნები… როგორც ხედავთ, მე ვარ აქ. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში. შევხედავთ ამ ცვლილებებს. მე არსად წავსულვარ და არ ვაპირებ წასვლას. კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”, — განაცხადა თამარ ჟვანიამ.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია გამოკითხვის ნაწილს დღეს ასრულებს, დასკვნის წარდგენას კი ივლისში გეგმავს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის თქმით, საგამოძიებო პროცესში გამოიკვეთა, რომ “დაშვებული შეცდომები არანაირ ზეგავლენას არ ახდენდა შედეგებზე, რომელიც დაკავშირებული იყო ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებასთან”.

ამ თემაზე:

კომისია იმსჯელებს ცესკოს უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობის დაყენებაზე — მიქანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი