ახალი ამბები

საოლქოებსა და სასამართლოებს ჩვენი არცერთი მნიშვნელოვანი საჩივარი არ დაუკმაყოფილებიათ – TI

18 ოქტომბერი, 2021 • 1169
საოლქოებსა და სასამართლოებს ჩვენი არცერთი მნიშვნელოვანი საჩივარი არ დაუკმაყოფილებიათ – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ საარჩევნოდ საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს ორგანიზაციის „არცერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ“.

TI, რომელიც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა, 18 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ 2 ოქტომბერს (არჩევნების დღეს) და შემდეგ პერიოდში ორგანიზაციამ:

  • საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერა;
  • საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანა,
    • აქედან 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

განცხადების მიხედვით, საბოლოოდ, საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა დააკმაყოფილეს 4 საჩივარი და 1 სარჩელი, რომლებშიც მოთხოვნილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ დისციპლინური ზომის გატარება.

„რაც შეეხება ოქმებში არსებული დისბალანსის გამო მოთხოვნილი ბიულეტენების ხელახალ გადათვლას, გასაჩივრებული 12 უბნიდან ჩვენი მოთხოვნით არცერთი, მაგრამ საკუთარი ინიციატივით ან შემთხვევითი შერჩევით საოლქო კომისიებმა 7 უბანი გადაითვალეს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში

მთლიანობაში, TI-ს შეფასებით, საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” არცერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ.

„მნიშვნელოვანი საჩივრები/სარჩელები“

როგორც ორგანიზაცია წერს, საოლქო საარჩევნო კომისიამ, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოთხოვნა მარნეულის იმ ორი უბნის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით, სადაც სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მძიმე დარღვევები, მათ შორის ამომრჩევლების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტები დააფიქსირეს.

„ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ამ საქმეს გიორგი გრატიაშვილი განიხილავდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის მოსამართლეები- ირინა ზარქუა, თეა ძიმისტარაშვილი და ნანა ჭიჭილეიშვილი იყვნენ. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ისე ორივე ინსტანციის სასამართლოსთვის დარღვევის ამსახველი ვიდეომტკიცებულებებიც არ აღმოჩნდა საკმარისი საჩივრის/სარჩელის დასაკმაყოფილებლად“, – წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ ზუგდიდის რაიონულმა და მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მისი სარჩელი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით მე-11 მაჟორიტარული ოლქის 4 უბნის მხოლოდ ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც, შეიცვალა გამარჯვებული კანდიდატი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ამ მაჟორიტარულ ოლქში 5 უბნის არა მხოლოდ ბათილი ბიულეტენების, არამედ შედეგების სრულად გადათვლას ითხოვდა.

„ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმეს გვანცა ვარდანიძე განიხილავდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა- შოთა სირაძემ, ნანა კალანდაძემ და ლერი თედორაძემ არ დააკმაყოფილეს ჩვენი სარჩელი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამ ორი შემთხვევის გარდა, ორგანიზაცია წერს, რომ წარადგინა 12 საჩივარი შემაჯამებელ ოქმში არსებულ დისბალანსთან დაკავშირებით. კერძოდ:

„არჩევნების დასრულების შემდეგ ორგანიზაციამ იმ უბნების საკრებულოს პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმები და მათში არსებული დისბალანსი გადაამოწმა, რომელსაც აკვირდებოდა. 12 უბნიდან, სადაც დისბალანსის გამო მოთხოვნილი იყო ბიულეტენების გადათვლა, 3 საოლქო საარჩევნო კომისიებმა შემთხვევითი შერჩევის წესით გადაითვალეს“;

„2 უბანზე საოლქო კომისიებმა ბიულეტენები საკუთარი ინიციატივით გადათვალეს, კიდევ 2 უბანი კი, რომელთა გადათვლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საოლქო კომისიებმა მოგვიანებით, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მაინც გადაითვალეს (აქედან ერთის შემთხვევაში მხოლოდ ბათილი ბიულეტენები), დანარჩენ 5 უბანზე კი ბიულეტენები არ გადათვლილა“.

როგორც TI წერს, ზემოაღნიშნულ უბნებზე გადათვლის შედეგად, ჯამში, შემდეგნაირად შეიცვალა საარჩევნო სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების რაოდენობა:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – მოაკლდა 1 ხმა;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – მოემატა 1 ხმა;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – მოემატა 10 ხმა;
  • „გირჩი“ – მოაკლდა 24 ხმა;
  • „საქართველოს განვითარების პარტია“ – მოემატა 1 ხმა;
  • ბათილი ბიულეტენი გაიზარდა 39-ით;
  • მოსული ამომრჩეველი გაიზარდა 30-ით…

მასალების გადაბეჭდვის წესი