ახალი ამბები

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი დაიწყო

18 ოქტომბერი, 2021 • 889
საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოშია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება.

თავდაპირველად, ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრას გეგმავს. თავდაცვის უწყების თანახმად, მხარეები “აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ”.

“დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად”, — აღნიშნულია პრესრელიზში.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი პრემიერ-მინსტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება, შემდეგ კი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.

“ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში გამორჩეულ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

აღნიშნული ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და პარტნიორობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს”, — დასძენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

გარეკანის ფოტოზე: ლოიდ ოსტინი და ჯუანშერ ბურჭულაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი