ახალი ამბები

„ლოიდ ოსტინი ვიზიტისას საქართველოს დაუდასტურებს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას“

16 ოქტომბერი, 2021 • 1425
„ლოიდ ოსტინი ვიზიტისას საქართველოს დაუდასტურებს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას“

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში ვიზიტისას დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„საქართველოში თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს, რათა დაადასტუროს შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რათა ხაზი გაუსვას აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხების გამოწვევებთან გამკლავებაში“, – წერია აშშ-ის თავცდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

პრესრელიზის თანახმად, ლიდერები შეხვედრებისას ასევე განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობას და „ხელს შეუწყობენ შავი ზღვის რეგიონში უფრო მასშტაბურ რეგიონალურ თანამშრომლობას“.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მოქმედი მდივანი ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მომდევნო კვირას ეწვევა.

საქართველოში ვიზიტი ოსტინის ევროპული ტურნეს ნაწილია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარდა, შავი ზღვის კიდევ ორ ქვეყანას, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა.

თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.

საქართველოში ლოიდ ოსტინის ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ბრიუსელის მინისტერიალი კი 21-22 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი