ახალი ამბები

ბეირუთში სროლებს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

15 ოქტომბერი, 2021 • 1298
ბეირუთში სროლებს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანის დედაქალაქში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და კიდევ რამდენიმე ათეული დაიჭრა.

ინფორმაციას Al-Jazeera ავრცელებს.

დაპირისპირება მოჰყვა ლიბანური შიიტური სამხედრო-პოლიტიკური ძალების ჰესბოლაჰისა  და ამალის მოძრაობის მომხრეთა საპროტესტო აქციას, რომლებიც ითხოვდნენ ბეირუთის პორტში აფეთქების საქმის მოსამართლის, ტარიკ ბითარის გადადგომას.

ჰესბოლაჰისა და ამალის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ცეცხლი გაუხსნეს ქრისტიანული ლიბანური ძალების პარტიის მხარდამჭერებმა.

ლიბანური ძალების განცხადებით, მომხდარი მიუღებელია, თუმცა პარტიაში არ უარყვიათ ბრალდებები, რომ დაპირისპირებაში თავადაც მონაწილეობდნენ.

ქვეყნის პრეზიდენტის, მიშელ აუნის განცხადებით, მომხდარი მტკივნეული და მიუღებელია.

მხარეთა შორის შეიარაღებული დაპირისპირება ადგილზე არმიის ნაწილების გამოჩენის შემდეგ შეწყდა.

ლიბანის პოლიტიკური სისტემა ხასიათდება, როგორც სექტარიანული მოდელი, სადაც პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობაში გამოხატავენ სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს.

ამჟამად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობენ ის ჯგუფები, რომლებიც წარსულში ლიბანის სამოქალაქო ომის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

კორონავირუსის პანდემიისა და პოლიტიკური არასტაბილურობის პარალელურად, ლიბანში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რაც კიდევ უფრო გაამწვავა ბეირუთის პორტში მომხდარმა აფეთქებამ.


ფოტო გარეკანზე: ლიბანის არმიის ჯარისკაცი Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი