ახალი ამბები

რუსთავში „ევსაქების“ უფროსის თქმით, თბილისის აქციაზე წასვლისას თავს დაესხნენ

15 ოქტომბერი, 2021 • 1647
რუსთავში „ევსაქების“ უფროსის თქმით, თბილისის აქციაზე წასვლისას თავს დაესხნენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის აქციაზე დასასწრებად რუსთავიდან თბილისში მგზავრობისას პარტიის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ვახტანგ ქებაძეს, თავს დაესხნენ.

„რუსთავში „ევროპული საქართველოს“ ორგანიზაციის ხელმძღვანელ ვახტანგ ქებაძეს და მის თანმხლებ პირებს დაესხნენ თავს, იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც“, – განაცხადა წერეთელმა.

მისი თქმით, პოლიცია დაგვიანებით მივიდა ადგილზე, თუმცა მისვლის შემდეგაც უმოქმედო იყო – „ბევრი რამ ხდებოდა მის თვალწინ, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ”.

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ქებაძემ ეს ეპიზოდი ასე აღწერა:

„მოვემგზავრებოდით თბილისისკენ, გაჩერებული ვიყავით რუსთავის გამოსასვლელში ჩემს თანმხლებ რამდენიმე ადამიანთან ერთად, რა დროსაც გამოჩნდა 50-70 ადამიანი. ისინი ჩვენი მიმართულებით დაიძრნენ და გვაყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას“.

ქებაძის თანახმად, ეს ადამიანები თავს დაესხნენ მის კუთვნილ მანქანას და კვერცხები და ცოცხები დაუშინეს, ასევე, ავტომობილში მსხდომ „რამდნიმე ქალს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“.

ვახტანგ ქებაძის თანახმად, „იქ იყვნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მათ შორის, გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც კოორდინირებას უწევდა ჩვენ მიმართულებით თავდასხმას“.

გიგი წერეთელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ და გუშინდელ სხვა მსგავს ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდა:

„მმართველი პარტიის რომელიმე წარმომადგენელს რომ ასე გადადგომოდნენ ადამიანები, ყველა იქნებოდა დაკავებული და ზომაზე მეტი სასჯელი დაემუქრებოდათ. მაგრამ დღეს, როგორც ვიცით, არაფერი არ ხდება. მით უმეტეს, ისეთ ფაქტზე, როცა ფიზიკურად უსწორდებოდნენ კვერცხებით და ცოცხებით“.

წერეთლის შეფასებით, „ეს იყო ორგანიზებული აქტივობა სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა გზაზე“.

მისი თქმითაც, მობილიზებული იყვნენ აიპ-ების და სსიპ-ების თანამშრომლები, მუნიციპალიტეტებში დასაქმებული პირები, რომლებიც „ხელისუფლებამ აქცია მოძალადე ჯგუფების წევრებად“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ვახტანგ ქებაძის ეპიზოდზე სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ჯერ არ დაუზუსტებიათ, დააკავეს ან დააჯარიმეს თუ არა ვინმე ამ ეპიზოდზე.

14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დასასწრებად თბილისისკენ მიმავალ მოქალაქეებს სამტრედიასთანაც დახვდა ადამიანთა ჯგუფი ცოცხებით ხელში.

ფეისბუკზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხსენებული პირები შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხვდებიან ავტომანქანებს, რომლებშიც ოპოზიციის მხარდამჭერები სხედან.

შეკრების მონაწილეთაგან არაერთს ხელში ცოცხი ეკავა. ზოგიერთი მათგანი აქტივისტების ავტომანქანებს ცოცხებს ესროდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი