ახალი ამბები

პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

14 ოქტომბერი, 2021 • 873
პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული მოწოდება სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია. პანდემია არსად გაქრება, ამიტომ სჯობს, რომ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება, სტატისტიკაც გაიზარდოს.

“აცრა აუცილებელია ყველასათვის და, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორში და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისათვის. თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული, ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი. აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა!”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი