ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ენერგომოხმარების ზრდა მაინინგს უკავშირდება | ფინანსთა სამინისტრო

13 ოქტომბერი, 2021 • 1925
აფხაზეთში ენერგომოხმარების ზრდა მაინინგს უკავშირდება | ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს, პანდემიის პერიოდში აფხაზეთში ენერგიის მოხმარების ზრდა უკავშირდება სრულიად “მაინინგის” პროცესს, ანუ კრიპტო-ვალუტების გამომუშავებას.

“პანდემიის პირობებში, 2020 წელს ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 10%-ით შემცირდა, იმავე პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარება გაიზარდა 24%-ით. ლოგიკური იქნება, გვქონოდა მოლოდინი, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება მეტად დრამატული ყოფილიყო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან შედარებით, ნაცვლად ამისა, მივიღეთ სრულიად საპირისპირო შედეგი.

ამავე პერიოდს უკავშირდება კრიპტო-ვალუტის ფასების მატება, რაც თავის მხრივ ზრდის მაინინგზე მოთხოვნას. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოხმარების მატება 100%-ით მოდის მაინინგზე. თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნული ნაწილობრივ არაა კომპენსირებული რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით, ენგურჰესის მიუღებელი შემოსავალი მხოლოდ არალეგალური მაინინგით 2020 წელს იქნებოდა სულ მცირე 9 მლნ ლარი”, – წერია ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, დე ფაქტო აფხაზეთში კრიპტო-ვალუტების გამომუშავება “დიდ საფრთხეს უქმნის კომპანიის [სახელმწიფო შპს ენგურჰესის] ფინანსურ სიჯანსაღეს, რაც, თავის მხრივ, ქმნის ფისკალურ რისკს სახელმწიფოსთვის.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ენგურჰესის წლიურ გენერაციაში წლიდან წლამდე იზრდება ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების წილი, რაც ფინანსურ ტვირთად აწევს კომპანიას. აღნიშნული წარმოადგენს ცხად კვაზიფისკალურ აქტივობას.

2020 წელს ელექტროენერგიის რეალიზაციიდან კომპანიიის შემოსავალმა 14.8 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი არ ითვალისწინებს აფხაზეთისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულებას. კომპანიის ზარალმა 2020 წელს შეადგინა 62 მლნ ლარი, რაც მეტწილად ეროვნული ვალუტის გაუფასურებითაა განპირობებული – 42 მლნ ლარი.

რა მოხდა, როდესაც სარემონტო სამუშაოებისთვის ენგურჰესი გაჩერდა 

2021 წლის იანვრიდან მაისის თვის განმავლობაში ენგურჰესის მიერ ენერგიის გამომუშავება შეჩერებული იყო.

ამ დროის განმავლობაში საქართველო რუსეთის ფედერაციდან ენერგიას “სპეციალურ” ფასად იღებდა, რაც კილოვატ-საათზე 0.5 ამერიკულ ცენტს შეადგენდა, მაშინ, როდესაც “გალტ & თაგარტის” 2020-2021 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის თანახმად, რუსული ენერგიის საბაზრო ღირებულება საშუალოდ 4.5 – 5.3 ამერიკულ ცენტამდე მერყეობდა.

საქართველოში, 2021 წლის პირველ 8 თვეში, მეზობელი ქვეყნებიდან 1715.9 მილიონი კილოვატ/საათის ენერგიის იმპორტი განხორციელდა. ენერგიის იმპორტში რუსეთის ფედერაციის წილი 61.15 პროცენტია, რაც 1049.4 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, “ესკოს” თანახმად, რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიის 88.02 პროცენტი მოხმარდა კონკრეტულად დე ფაქტო აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარებას.

მაგალითისთვის, იანვრის თვეში რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიის 72.3 პროცენტი და მარტის თვეში თითქმის 88.2 პროცენტი დე ფაქტო აფხაზეთის მომარაგებისთვის წარიმართა, ხოლო თებერვალსა და აპრილში აფხაზეთის მომარაგებას მოხმარდა რუსეთიდან იმპორტირებული 431 მილიონი კილოვატ/საათის ენერგიის 100-ვე პროცენტი.

დე ფაქტო აფხაზეთის იმპორტირებული ენერგიით უზრუნველყოფა შეწყდა მაისის თვეში, რაც ემთხვევა ენგურჰესის ამუშავებასა და საქართველოში ადგილობრივი ენერგიის გამომუშავების მატების პერიოდს.

მაისის თვის შემდეგ, წინა თვეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა რუსული ენერგიის იმპორტიც.

მაგალითისთვის, მაისის თვეში რუსეთიდან იმპორტი სრულიად არ განხორციელებულა, ივნისში რუსულმა იმპორტმა შეადგინა 2.979 მლნ.კვტსთ, ივლისში – 0.166 მლნ.კვტსთ და აგვისტოში – 9.245 მლნ.კვტსთ.


დე ფაქტო აფხაზეთში კრიპრო-ვალუტების მოპოვება შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ითვლება.

მაინინგის შესახებ იხილეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან.

“მაინინგის წყალობით ჩვენი ეკონომიკა გადარჩა” | როგორ მალავენ აპარატურას აფხაზეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი