ახალი ამბები

„ფეისბუქით სარგებლობს ოჯახის წევრი“ – საუბნოს თავმჯდომარის განმარტება „ოცნების“ მხარდამჭერ პოსტებზე

13 ოქტომბერი, 2021 • 1656
„ფეისბუქით სარგებლობს ოჯახის წევრი“ – საუბნოს თავმჯდომარის განმარტება „ოცნების“ მხარდამჭერ პოსტებზე

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განმარტებით, განმუხურის 38-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარის, ზანდა ხუფენიას კუთვნილი ფეისბუკიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოსტი თვითონ ხუფენიას არ გაუზიარებია:

„ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა, რომ აღნიშნული ფეისბუქ გვერდით სარგებლობს მისი ოჯახის წევრი“, — წერს მესხი.

ამგვარად, მირანდა მესხის განმარტებით, ზანდა ხუფენიას არ დაურღვევია არც საარჩევნო კოდექსი და არც ეთიკის კოდექსი.

„შესაბამისად, არ არსებობს ზანდა ხუფენიას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი“, — წერს მესხი „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარზე პასუხად.

მირანდა მესხის წერილობითი პასუხი ენმ-ის საჩივარზე პარტიის ადგილობრივი ბიუროს ხელმძღვანელმა, პარლამენტარმა ანი წითლიძემ გამოაქვეყნა ფეისბუკზე.

ზანდა ხუფენია  ოლქის მიერ არის კომისიაში დანიშნული პროფესიული ნიშნით. იგი არაერთი წელია, განმუხურის ამ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა.

ზანდა ხუფენიას სახელი ფიგურირებდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც: 38-ე უბანი იყო ერთ-ერთი, სადაც კენჭისყრა განმეორებით ჩატარდა.

არჩევნების პირველი ტურები 9 ოქტომბერს ჩატარდა. კენჭისყრის დღის ბოლოს განმუხურში 38-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზანდა ხუფენიამ ხმების დათვლის დროს, – პროცესი თითქმის დასრულებული იყო, – უბანი დატოვა.

მას შემდეგ, როცა იგი საოლქო კომისიაში მივიდა, განაცხადა, რომ საარჩევნო ყუთი „დაიკარგა“, ბიულეტენები კი ალაგ-ალაგ იყო მიყრილი და კომისიის წევრები ბიულეტენებს ამატებდნენ. კომისიის სხვა, ოპოზიციონერი წევრები ამბობდნენ, რომ ყუთი დაკარგული არ ყოფილა.

მას შემდეგ, რაც ხუფენია საოლქოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად დაბრუნდა უბანზე, ხმების დათვლა გაგრძელდა.

თუმცა, საბოლოოდ, იმის გამო, რომ ამ უბანზე ბალანსის დადგენა ვერ მოხერხდა, საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნის შედეგები 12 ოქტომბერს ბათილად ცნო.

როგორც საუბნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ამბობდნენ, უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი იგებდა.

22 ოქტომბერს, ხელახალი კენჭისყრის შედეგად, უბანზე უპირატესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი