ახალი ამბები

მირანდა მესხის საწინააღმდეგო კამპანიის გამო სახალხო დამცველს მივმართეთ — ცესკო

12 ოქტომბერი, 2021 • 1164
მირანდა მესხის საწინააღმდეგო კამპანიის გამო სახალხო დამცველს მივმართეთ — ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) სახალხო დამცველს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართავს ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ „ცილისწამების, სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხყოფის კამპანიური სახის“ გამო.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს განცხადება ემსახურება ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის მიერ არჩევნების გაყალბებიდან ყურადღების გადატანასა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეცდომაში შეყვანას.

ვინ არის მირანდა მესხი

მირანდა მესხი მრავალი წელია, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. მას ბოლო პერიოდში აკრიტიკებენ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გამო. „ნაციონალური მოძრაობის“ თანახმად, სწორედ მესხის ხელით ყალბდება ზუგდიდის ოლქში არჩევნები, რასაც იგი უარყოფს.

12 ოქტომბერს ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მირანდა მესხი არის „კამპანიურად წარმოებული ცილისწამების, სიძულვილის ენის და შეურაცხყოფის“ სამიზნე.

„აღნიშნული კამპანია კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მხრიდან ჯერ კიდევ არჩევნების ღამეს დაიწყო, როდესაც მან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მირანდა მესხს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევა დააბრალა“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

მართალია, განცხადებაში „კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი“ არ ყოფილა დაზუსტებული, თუმცა ცესკო, სავარაუდოდ, გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერს, პარლამენტარ ანა წითლიძეს.

ცესკოს განცხადება

ცესკო აცხადებს, რომ „ზეწოლა ხორციელდებოდა როგორც საოლქო კომისიაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე, სოციალურ ქსელში აგორებული კამპანიის სახითაც. ოლქის თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული მანიპულაცია, მუქარა და სიძულვილის ენა აქტუალური იყო 7, 8 და 9 ოქტომბერსაც, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი განცხადება და მიმართვა გაავრცელა“.

„ამასთან, კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა ამ პერიოდშივე მოახდინეს საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პარალიზება და დააზიანეს ინვენტარი. გამოიკვეთა მირანდა მესხის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებიც“, – აცხადებენ საარჩევნო კომისიაში.

წითლიძის პასუხი

„ნეტგაზეთთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ანი წითლიძე ამბობს: „ჯერ ეს ერთი, [ჩემი მხრიდან] არ ყოფილა მირანდა მესხის პიროვნული შეურაცხყოფა. მით უმეტეს, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია არ ყოფილა ნამდვილად“.

„თუ ცესკო გულისხმობს იმას, რომ მირანდას ვეუბნებოდით, რომ აუცილებლად მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაყალბებულ არჩევნებზე, შემიძლია კიდევ ერთხელ გავუმეორო: კი, მირანდა მესხს აუცილებლად მოუწევს, ჩაჯდეს ციხეში იმის გამო, რაც გააკეთა. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა იცოდეს ყველამ, რომ მსგავსი დანაშაული არ ეპატიება არავის“, — განუცხადა მან „ნეტგაზეთს“.

ანი წითლიძის თქმით, საოლქოს თავმჯდომარე საკუთარი თავის მსხვერპლად გამოყვანას ცდილობს:

„ის ფიქრობს, ეს დაეხმარება იმაში, რომ თავიდან აირიდოს ის კითხვები, რაც მის მიმართ არსებობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებში, ასევე, პროკურატურაშიც, – ჩვენ პროკურატურაში საჩივარი გვაქვს შეტანილი. ეს კითხვები თავიდან აირიდოს და მსხვერპლის როლში გამოვიდეს“.


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 10 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადათვლილი შედეგების გაუქმებაზე.

შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა შანსი, პირველივე ტურის შედეგების მიხედვით გარანტირებული უმრავლესობით დაეკომპლექტებინა საკრებულო.

როგორ განვითარდა ზუგდიდში მოვლენები: რა მტკიცებულებები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ცესკოში შედეგების გაყალბების ბრალდებებზე და რას პასუხობს ბრალდებებს საოლქო საარჩევნო კომისია, ამ თემაზე გირჩევთ, წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი