ახალი ამბებისაზოგადოება

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებიდან 4 წელი გავიდა — რა არ შეასრულა სახელმწიფომ

13 ოქტომბერი, 2021 • 2621
სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებიდან 4 წელი გავიდა — რა არ შეასრულა სახელმწიფომ

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას საქართველო 2017 წელს შეუერთდა. თუმცა დღეს, 4 წლის შემდეგ, გამოწვევები კვლავ არსებობს.

ამ დოკუმენტს შემოკლებით „სტამბოლის კონვენციას“უწოდებენ , რადგან ხელმომწერთათვის  2011 წლის მაისში სწორედ სტამბოლში გაიხსნა.

მხარეების მიერ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO). წელს, ნოემბრის დასაწყისში GREVIO პირველად ჩამოდის საქართველოში.

სწორედ ამიტომ, კოალიციამ „თანასწორობისთვის“, საქართველოში კონვენციის რატიფიცირების შესახებ ჩრდილოვანი ანგარიში მოამზადა.

რა წერია ანგარიშში?

ანგარიში რამდენიმე ორგანიზაციამ დაწერა, ესენია „საფარი“; „ჰერა XXI“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“.

დოკუმენტში საუბარია ისეთ პრობლემურ გამოწვევებზე, როგორიცაა ქალთა წინააღმდეგ ძალადობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებასა და სახელმწიფო სერვისებზე, თავდასხმა ქალ აქტივისტებზე, საკანონმდებლო ხარვეზები და სხვა.

დღეს, 13 ოქტომბერს, დოკუმენტის ავტორმა ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს. ერთობლივი დოკუმენტი თემატურადაა დაყოფილი, თითო თემას კი თითო ორგანიზაცია კურირებდა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელებმა იმ ძირითად თემებზე ისაუბრეს, რასაც ანგარიში ფარავს:

თავდასხმა ქალ აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ანგარიშში ხაზგასმულია, ქალ აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე თავდასხმაა, რაზეც სახელმწიფოს ხშირად რეაგირება არ აქვს მაშინ, როდესაც სტამბულის კონვენციის ერთ-ერთ ვალდებულებად საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აქვს.

აქვე ნათქვამია, რომ ქალი უფლებადამცველები ხშირად ორმაგი წნეხის ქვეშ ექცევიან, უპირველესად, როგორც ქალები, შემდგომ კი, ადამიანები, ვინც გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ იბრძვიან. ასეთი შემთხვევების მაგალითად „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების დირექტორს, მარი კაპანაძეს მოჰყავს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრების – ანა აბაშიძისა და ანა არგანაშვილის წინააღმდეგ წამოწყებული არაერთი კამპანია.

მათ შორის, მაშინ, როდესაც ისინი მუშაობდნენ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნინოწმინდის პანსიონის საქმეებზე.

მარი კაპანაძის შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს არასამთავრობო სექტორს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში, ხშირად ეს პირიქითაა. რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება აღნიშნული უფლებების დაცვაზე.

ჩვენს კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არის სახელმწიფო პასიური, ის გვეუბნება:

„მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ როგორც წესი, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვის გამოირჩევიან კრიტიკული დამოკიდებულებით და არ ეშინიათ ხელისუფლების კრიტიკულად შეფასება. შესაბამისად, სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ აწყობს, ჰყავდეს ქვეყანაში კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები და პირიქით, მათ შეუშალოს საქმიანობაში ხელი, იმისთვის, რათა საზოგადოებაში კრიტიკა აღარ ისმოდეს“, – ამბობს მარი კაპანაძე.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა

სტამბოლის კონვენცია სხვა უფლებებთან ერთად ასევე ფარავს სექსუალურ-რეპროდუქციულ უფლებებსა და ჯანმრთელობას. „ჰერა XXI-ის“ იურიდიული კონსულტანტი ანა თვარაძე პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ ამ კუთხით საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

„სერვისები არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ქალები და ახალგაზრდა გოგოები ვერ იღებენ აღნიშნულ სერვისებს გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერების გამო. ქვეყანას კი აქვს ვალდებულება, როგორც ეროვნულ საკანონმდებლო, ასევე საერთაშორისო დონეზე, რომ ყველა ფერტილური ასაკის ქალისთვისა და ახალგაზრდა გოგოსთვის, სექსუალურ-რეპროდუქციულ სერვისებზე ხელი მიუწვდებოდეს. მათ შორის, ხელმისაწვდომი იყოს უსაფრთხო აბორტი, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა ქვეყანაში“, – ამბობს ის.

ანგარიშში ამ საკითხზე ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები ფარავდეს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, მათ შორის, უსაფრთხო აბორტსა და კონტრაცეფციას.

რაც შეეხება აბორტს, ხშირად, მათ შორის, გამოძიების ფარგლებში, ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს:

„მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ისიც, რომ როდესაც არასასურველი ორსულობა დგება გაუპატიურების შემდგომ, მსგავსი შემთხვევები არ არის დარეგულირებული კანონმდებლობის დონეზე ისე, როგორც საჭიროა. პრაქტიკული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს სჭირდებათ ხშირად ხანგრძლივი პროცედურების გავლა, მათ შორის, სასამართლო ნებართვა და განჩინება იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი აბორტის უფლება განახორციელონ“, – ამატებს ის.

ცალკე პრობლემად აღნიშნულია ქვიარ თემის პრობლემები, მათ შორის, ტრანსგენდერ ქალთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისზე, რომლებსაც დამატებითი ბარიერებისა და სტიგმების გადალახვა უწევთ. ამასთანავე, პრობლემურია განათლების სისტემაში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობები, რომელიც სასკოლო პროგრამაში მხოლოდ მე-9 კლასიდან შედის, ისიც არასრულფასოვნად.

სოციალური მუშაობის შეზღუდვა, რომელიც ბენეფიციარებისთვისაა საზიანო

საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება სოციალურ მუშაკთა შრომითი პირობები, რომელთა უმეტესობა ქალია. სოფო ხვთისიაშვილი, რომელიც „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ წარმომადგენელია, ამბობს, რომ გაფიცვის შემდეგაც კი, კვლავ მცირეა სისტემაში სოციალურ მუშაკთა, ფსიქოლოგთა და იურისტთა რაოდენობა.

ამასთანავე, ჯერ კიდევ არასრულფასოვანია ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ცალკე ოთახები, სადაც ძალადობაგამოვლილი ბავშვები საუბარს კონფიდენციალურად შეძლებენ.

ჩვენს კითხვაზე, მისი, როგორც სოციალური მუშაკის გამოცდილებით, ყველაზე ხშირად ქალები რა გამოწვევებს აწყდებიან სახელმწიფო სერვისების მიღებისას, ის გვეუბნება:

„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ზოგადად, სოციალური სერვისები არის ძალიან მწირი და არ არის იმ საჭიროებებზე მორგებული, რასაც ქალები აწყდებიან დღეს. ეს იქნება თუნდაც თავშესაფრები, ფსიქოლოგის კონსულტაცია და ა.შ. რადგან, ამ ადამიანებს უწევთ თვეობით რიგში დგომა, თუნდაც, იურისტის ან ფსიქოლოგის კონსულტაციის მისაღებად.

ხშირად, სოციალური მუშაკები ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომ გვიწევს, მსხვერპლმა ქალებმა კიდევ რამდენიმე თვე გაატარონ ძალადობრივ გარემოში, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ადგილები თავშესაფარში, არ არის შესაბამისი სერვისები, რომლითაც ამ ქალებს სათანადოდ გააძლიერებ, დაასაქმებ, განათლების მისცემ, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრების წარმართვა. თვითონ სოცმუშაკების რაოდენობა ძალიან მწირია, სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონდეს გონივრული რაოდენობის საქმე, რომ მან მოახდინოს თუნდაც რამდენიმე ვიზიტი ძალადობის იდენტიფიცირებისთვის. ეს იქნება ქალთა თუ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებისთვის“, – აცხადებს სოფო ხვთისიაშვილი.

ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა გამოძიება

პრობლემებს ქალები აწყდებიან ასევე გამოძიების, დაკითხვისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის ნაწილშიც. როგორც „საფარის“ იურისტი ნათია გამხიტაშვილი ამბობს, პრობლემების დიდი ნაწილი სისტემურია.

მაგალითად, ქალები ხშირად ამბობენ, რომ , განსაკუთრებით პანდემიის დროს, ცხელი ხაზი 112 გადატვირთულია. რაც მათ საშუალებას არ აძლევს, დროულად მიმართონ დახმარებისთვის. გარდა ამისა, რიგი ფინანსური პრობლემების გამო, ხშირად ქალებს არ აქვთ საშუალება, პოლიციაში დაკითხვაზე მივიდნენ და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო პროცედურებში.

პრობლემები გრძელდება უშუალოდ დაკითხვის დროსაც, როგორც „საფარიში“ ამბობენ, მათ შესწავლილი აქვთ რიგი შემთხვევები, როდესაც პოლიცია არასათანადოდ ან არასრულად ასახავდა პრობლემას, შესაბამისად, საქმეში დამამძიმებელი გარემოებები თუ გენდერული მოტივის გამოკვეთა არ ხდებოდა.

პრობლემურია ისიც, რომ პოლიცია ზოგჯერ ვერ აფასებს რისკებს, რადგან არ სვამენ რელევანტურ კითხვებს, ხოლო ზოგ კითხვაზე პასუხს თვითნებურად სცემენ, მსხვერპლის ინფორმირების გარეშე. პრობლემები იკვეთება შემაკავებელი ორდერის გამოწერისას – „როდესაც შემაკავებელი ორდერების შედგენაზე პასუხისმგებელი პირები ძალადობრივ ფაქტებს არ იკვლევენ სრულყოფილად და ოქმებში არ ასახავენ შესაბამის მტკიცებულებებს“.

„ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ შსს-ს ახლა აქვს სულ 350 ერთეული ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობა და ბოლო ერთი წლის პერიოდში 350 ერთეულიდან გამოყენებული აქვს, მხოლოდ 17.

ჩვენს პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც პოლიციელები მოუწოდებენ მსხვერპლებს, რომ არ მიემხრონ ამ ტიპის ზედამხედველობას, რადგანაც ეს იქნება მოუხერხებელი, და როდესაც იყენებენ ხოლმე, იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმეში ფიგურირებს განსაკუთრებული რისკის მატარებელი მოძალადე და ისიც, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ჩართულობით“, – ამბობს ნათია გამხიტაშვილი.

„საფარიში“ ამბობენ, რომ ყველა ამ საკითხზე ანგარიშში რეკომენდაციები გაწერეს, მათ შორის თქვეს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოკითხვის ვიდეო-აუდიოჩაწერაც. პრობლემის ნაწილი კი ასევე სამართალდამცველთა სენსიტიურობაცაა.

ორგანიზაცია ასევე დასძენს, რომ ანგარიშში შეიტანა ადვოკატების ეთიკურობის საკითხიც. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია განმარტავს, ხშირად, უკვე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ადვოკატები მტრულ და ღირსებისშემლახველ გარემოს უქმნიან მსხვერპლს – ამცირებენ მათ და მოიხსენიებენ დამამცირებლად. რასაც ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია სათანადოდ არ იძიებს.

სრულად, ინგლისურ ენაზე ეს დოკუმენტი წაიკითხეთ აქ.


სხვა საკანონმდებლო ხარვეზებთან ერთად, საქართველოს ევალება გაუპატიურების მუხლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული მუხლი დღეის მდგომარეობით არ ითვალისწინებს მსხვერპლის თანხმობის ნაწილს და განისაზღვრება, როგორც:

„გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ანგარიშში შენიშვნები შევიდა ამ მუხლთან დაკავშირებითაც. ვრცლად კი წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან ეს სტატია:

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი