ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ [ISFED] სოლიდარობას უცხადებს ანა აბაშიძესა და ანა არგანაშვილს.
„გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ ქალი უფლებადამცველების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიისა და თავდასხმის სამიზნე გახდნენ ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ერთ-ერთ ტურნირში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.
ფაქტს სოციალურ მედიაში ორგანიზებული აგრესიის კამპანია მოჰყვა როგორც არასამათავრობო ორგანიზაციების, ასევე უფლებადამცველების მიმართ. აღნიშნული განაპირობა მათმა საჯარო პოზიციონირებამ ჩოგბურთელის წინააღმდეგ მიმდინარე ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ISFED წერს, რომ ქალ უფლებადამცველებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ გენდერული თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის პორცესში.
„ისტორიულად, არაერთმა მოძრაობამ და ქალთა უფლებების აღიარებისთვის მიმდინარე ბრძოლამ შეუწყო ხელი საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების, ძალადობრივი გარემოს შეცვლას, მათ შორის მისცა ქალებს შესაძლებლობა, კაცების თანასწორად ესარგებლათ ფუნდამენტური უფლებებით.
სწორედ საქმიანობის ეს სფეროები აქცევს ქალ უფლებადამცველების აქტივობას მაღალი რისკის ქვეშ, რაც ხშირად მათი დისკრედიტაციაში, სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმაში გამოიხატება. ქალი უფლებამდაცველების მიზანმიმართული, გენდერული ნიშნით განხორციელებული თავდასხმა მიანიშნებს საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ მიზოგენიურ განწყობებზე და აფერხებს ძალადობის ფაქტების საჯარო მხილების პროცესს“, — ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.
არგანაშვილი და აბაშიძე სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს იცავენ. ბასილაშვილს ბრალი ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობაში აქვს წარდგენილი. სასამართლო დასრულებული არ არის.
მას შემდეგ, რაც ბასილაშვილი „დოჰას“ ტურნირის გამარჯვებული გახდა, საზოგადოების მხრიდან ამას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. მათი ნაწილი გამოირჩეოდა აბაშიძისა და არგანაშვილის მიმართ აგრესიული რიტორიკითა და კრიტიკით.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. 2020 წლის მაისში იგი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს. დოროყაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბასილაშვილსა და მის ოჯახზე 6 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.