ახალი ამბები | ეკონომიკა | ,

“იყო რისკი, არ ჩაგვრიცხვოდა” – კაკაურიძე EU-ს სესხზე უარზე

13 ოქტომბერი, 2021 | | 1455
“იყო რისკი, არ ჩაგვრიცხვოდა” – კაკაურიძე EU-ს სესხზე უარზე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღებას სასამართლო სისტემაში გათვალისწინებული რეფორმის გამო საფრთხე ექმნებოდა და აღნიშნულ სესხზე უარი ამის გამო თქვეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საგარეო ვალის წილი ქვეყნის მიერ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებში დიდია და ყველა მცდელობა იქითკენ უნდა იქნას მიმართული, რომ ეს ვალი შემცირდეს. თუმცა გიორგი კაკაურიძე აქვე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში შემოთავაზებული სესხის პირობები სხვა სესხებთან შედარებით უკეთესი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ თანხის ჩარიცხვას შესაძლოა პრობლემა შექმნოდა – ამ სესხზე თქვეს უარი.

გიორგი კაკაურიძის განამრტავს, რომ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი იყო 10-12 რეფორმა, რომელთაგან, გარდა სასამართლო სისტემის ნაწილისა, ყველა პუნქტი შესრულდა. რაც შეეხება სასამართლოს რეფორმირებას, კაკაურიძის თქმით, ქართული მხარე აცხადებდა, რომ დოკუმენტში გათვალისწინებული ცვლილებები გატარდა, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიცია იყო, რომ პირობები შინაარსობრივად არ შესრულებულა:

“ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა რეფორმა 10-12 მიმართულებით. პუნქტობრივად რომ გავყვეთ, ყველა მათგანი შესრულებულია. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელზეც ექსპერტები თვლიან, რომ შესრულდა ზუსტად ის, რაც ეწერა ამ ხელშეკრულებაში. თუმცა მეორე მხარე, ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები შესრულებული არ იყო და შინაარსობრივად არ შეიცავდა იმ რეფორმას, რომელი რეფორმაც იგულისხმებოდა. თუმცა, რაც ეწერა, ის გაკეთებულიაო, მეორე მხარე ამბობდა.

ის, რომ რეფორმებია მნიშვნელოვანი, ამაში ცალსახად გეთანხმებით. ყველა რეფორმა განხორციელდა, დარჩა სასამართლოს ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია იყო აქ ჩართულ მხარესა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის. ამიტომ, როცა დადგინდა, რომ ამ სესხს შეიძლებოდა ჰქონოდა პრობლემა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელ სესხზე გვეთქვა უარი. ვთქვათ უარი იმაზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩაგვერიცხებოდა. ეს სესხი ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა, თუმცა, ბიუჯეტი რაც გვქონდა დაგეგმილი, იმაზე ნაკლები სესხი უნდა ავიღოთ”, – ამბობს გიორგი კაკაურიძე პარლამენტში ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომაზე.

პარლამენტში ყოფნისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ მოსახლოდნელია, საქართველომ უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე სესხზე თქვას უარი. მათ შორის, უწყება გეგმავს წარმოადგინოს რატიფიცირებულ დოკუმენტებში ცვლილებები ან შიდა რესურსი გამოიყენოს საგარეო ვალის შესამცირებლად.

2020 წლის 25 მაისს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის გამოეყო მაკროფინანსური დახმარება 150 მილიონამდე ევროს სესხის სახით. თანხა ორ თანაბარ ტრანშად გადანაწილდა — პირველი 75-მილიონიანი ტრანშის მიღება დამოკიდებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) შეთანხმებული ვალდებულებების დაკმაყოფილებაზე და ეს თანხა საქართველომ გასული წლის ბოლოს მიიღო, მეორე 75 მილიონის ჩარიცხვა კი დამოკიდებული იქნებოდა ევროკომისიის დადებით შეფასებაზე საქართველოს მიერ ნაკისრი 7 წინაპირობის შესახებ, რომელთაგან მთავარი შეეხებოდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას.

2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში — 75 მილიონი ევრო — საქართველოს შემოდგომაზე უნდა მიეღო, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ეს თანხა არ მიიღოს. ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა მაღალ ეკონომიკურ ზრდის ფონზე საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის “პოლიტიკური დატვირთვა” მმართველ გუნდს გაცნობიერებული აქვს, თუმცა “სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია”. “ქართული ოცნება” შეეცადა, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, კიდევ ერთი პირობის გატეხვისა და ამ ნაბიჯის მოსალოდნელი შედეგებიდან დისკუსია სწორედ ვიწროფინანსურ ჭრილში წამოეწყო და აქცენტი სესხზე გადაეტანა.

ევროკავშირმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველომ ისედაც ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. შესაბამისად, ექსპერტები მიუთითებენ, რომ ქართულმა მხარემ, რომელიც მაკროფინანსური დახმარებას ისედაც ვერ მიიღებდა, ბრიუსელს განცხადების გაკეთება დაასწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი