ახალი ამბები

ვისაც აცრა არ სურს, ძილში უნდა ავცრათ — ფილიპინების პრეზიდენტი დუტერტე

13 ოქტომბერი, 2021 • 3868
ვისაც აცრა არ სურს, ძილში უნდა ავცრათ — ფილიპინების პრეზიდენტი დუტერტე

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე აცხადებს, რომ თუკი ადამიანებს ვაქცინაცია არ სურთ, ისინი ძილში ძალით უნდა აცრან.

„პრობლემას ქმნიან ისინი, ვისაც არ სურს აცრა. მოძებნეთ ასეთი ხალხი თქვენს სოფლებში, მიეპარეთ, სანამ სძინავთ და გაუკეთეთ ინექცია“, — განაცხადა დუტერტემ სატელევიზიო მიმართვაში.

„მე თვითონ გავაკეთებ ამას, მე გავუძღვები ამ საქმეს“, — განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა, რომელიც ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებშია დადანაშაულებული და საკამათო განცხადებებითაა ცნობილი.

ჯანდაცვის დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ ვაქცინაცია საჭიროებს მოქალაქეთა ინფორმირებულ თანხმობას.

პრეზიდენტმა დუტერტემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში კოვიდის ვაქცინების დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ მთავრობამ ვერ იპოვა ვერც ერთი კომპანია, რომელიც ფილიპინებს ვაქცინებს მიჰყიდდა.

ვაქცინაცია ქვეყანაში 2021 წლის მარტში დაიწყო. ფილიპინები იყო ბოლო ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელმაც ეს პროცესი დაიწყო.

2021 წლის სექტემბერში საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC, ჰააგაში) დუტერტეს მმართველობის პერიოდში ფილიპინებში „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების“ გამოძიება დაიწყო.

იგი პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს. მისი კამპანიის პირობა იყო „ნარკომოვაჭრეებისა და სხვა კრიმინალების სიკვდილით დასჯა“. „ფორბსის“ ცნობით, მისი პრეზიდენტობისას „კრიმინალთან ომი“ დასრულდა ათასობით ადამიანის მკვლელობით.

როგორც გამოცემა წერს, დუტერტეს „ვულგარული ლექსიკონი“ ხშირად აქცევს მას საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. მაგალითად, ხშირად იყენებს ჰომოფობიურ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ოპონენტების დასახასიათებლად. 2016 წელს აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას ბო*იშვილი უწოდა.

მისი პრეზიდენტობისას მიმდინარეობდა შეიარაღებული დაპირისპირება ქალაქ მარავიში [მარავის ომი/მარავის კრიზისი], რომელიც 5 თვის განმავლობაში გაგრძელდა დუტერტეს სამთავრობო ძალებსა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ მებრძოლებს შორის. 2017 ოქტომბერში დუტერტემ განაცხადა, რომ მარავი „ტერორისტთა ზეგავლენისაგან გათავისუფლებულია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი