ახალი ამბები

23-24 ოქტომბერს თბილისობის ფარგლებში საშემოდგომო ნობათის ბაზრობა გაიმართება

13 ოქტომბერი, 2021 • 2152
23-24 ოქტომბერს თბილისობის ფარგლებში საშემოდგომო ნობათის ბაზრობა გაიმართება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 23-24 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, თბილისი უმასპინძლებს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილ საშემოდგომო ნობათს.

თბილისის მერის განცხადებით, ამისთვის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გამოიყოფა სპეციალური ადგილები:

“კოვიდპანდემიის გამო თბილისობა სატელევიზიო ფორმატში მუსიკალური წარდგენით და საპატიო თბილისელების დაჯილდოებით უნდა აღგვენიშნა, თუმცა ბათუმის ტრაგედიის შემდეგ ჩვენ უარი ვთქვით თბილისობის მუსიკალურ ნაწილზე. გადავწყვიტეთ, თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო ამ კონცერტისთვის, გადაირიცხება ბათუმში შენობის ნგრევის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახების დახმარების ფონდში.

მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი გაუქმებულია, არ დავარღვევთ ტრადიციას და დავაჯილდოვებთ საპატიო თბილისელებს. 23-24 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საშემოდგომო ნობათს საქართველოს ყველა კუთხიდან. ამისთვის ქალაქის მასშტაბით გამოიყოფა სპეციალური ადგილები” ,— ამბობს კახა კალაძე.

მისი თქმით, აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება შემდეგ ქუჩებზე:

  • ჩუღურეთი – მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია;
  • სამგორი – ვიქტორ კუპრავას ქუჩის ნომერი 10 ე.წ. სვანების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;
  • გლდანი – მ. ნოზაძის ქუჩა;
  • დიდუბე – დიდუბე პლაზას მიმდებარე ტერიტორია;
  • დიღმის მასივი – პაიჭაძის ქუჩა 1;
  • საბურთალო – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;
  • ვაკე – გეგეშიძის პარკის მიმდებარე ტერიტორია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი