ახალი ამბები

როცა ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კგ თაფლს არ უნდა ჭამდეს – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

11 ოქტომბერი, 2021 • 2253
როცა ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კგ თაფლს არ უნდა ჭამდეს – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

“როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას.

ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოებას აჩვნებენ, რომ თითქოს მოშიმშილე სააკაშვილი მძიმედ ავადაა. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ბოლო დღეებში “ცირკი და შოუ” მიმდინარეობს, რათა მეორე ტურამდე ტემპერატურა აწიოს.

“შესაბამისმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მის მდგომარეობას აკვირდებიან ძალიან კვალიფიციური ექიმები, აკონტროლებენ მის ჯანმრთელობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამას გარდა, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს, ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ. შესაბამისმა სამსახურმა ამის თაობაზე განცხადებაც გაავრცელა, მან პირადად იყიდა, საკუთარი საკრედიტო ბარათით, ბანკის ბარათით, პირადად იყიდა, გეცინებათ თქვენც, 7 ქილა თაფლი და ნახევარი კილოგრამი თაფლი მიიღო. აქედან გამომდინარე, შეეშვით ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობა გაუარესდა, რაც სიარულის და ლაპარაკის გართულებაში გამოიხატება. ექიმის თქმით, სააკაშვილმა უარი თქვა თაფლისა და წვენის მიღებაზეც.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, თალასემია, რომლის დროსაც შიმშილობა ადამიანის მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურდამიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას და განაცხადა, რომ  რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი