ახალი ამბები

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – პირადი ექიმი

10 ოქტომბერი, 2021 • 3489
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – პირადი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა საპატიმროში დამძიმდა. ამის შესახებ ყიფშიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

ექიმის განმარტებით, სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, თალასემია, რომლის დროსაც შიმშილობა ადამიანის მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს. ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი ამჟამად თაფლის მიღებაზეც უარს ამბობს. მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა სააკაშვილს, რომ შიმშილობისას დაელია წვენი და ჩაისთან ერთად მიეღო თაფლიც, თუმცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სააკაშვილი დიდი რაოდენობით თაფლს და წვენს იღებდა, მან ორივეს მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

“მიშას აქვს სისხლის დაავადება, თალასემია. არასდროს მითქვამს ეს ტელევიზიით, მაგრამ დღეს მომცა უფლება, რომ ამის შესახებ მეთქვა. ეს დაავადება ძალიან, ძალიან იშვიათია. არ არის სასიკვდილო და რთული დაავადება, თალასემიით ადამიანმა შეიძლება იცხოვროს ბევრი წელი აბსოლუტურად ნორმალურად მაგრამ არის რაღაც ლიმიტები. ერთ-ერთი ლიმიტია შიმშილობა. სისხლის ამ დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს ორგანიზმში, რომლის რევერსი [შემობრუნება] არ არსებობს”, – განმარტა ექიმმა.

რაც შეეხება სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმის განმარტებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტი “მძიმედ დადის და უჭირს ლაპარაკი”, თუმცა ნებისმიერი სახით საკვების მიღებაზე უარს ამბობს:

“მე გეტყვით ჩემს, როგორც ექიმის არა პროგნოზს, არამედ იმას, რაც დღეს ვნახე. მისი მდგომარეობა გაუარესდა. საკმაოდ გაუარესდა. ორი დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, ახლა უფრო რთულადაა საქმე. ეს გამოიხატება იმაში, რომ უფრო მძიმედ დადის, ლაპარაკი უჭირს ცოტა და ა.შ. თავად აწუხებს და მე ვთხოვე მას, რომ მელაპარაკა მის მდგომარეობაზე და მომცა ამის უფლება. ახლა სიტუაცია არის რთული.

დღეს დაახლოებით 40 წუთი ვეხვეწებოდი, რომ ჩაი დაგველია ერთად, თითო პატარა კოვზი თაფლით. არაფრით არ გამომივიდა, თხოვნა არ დამიკმაყოფილა. მითხრა, რომ “მე ვიბრძვი ბოლომდე, ეს არის ჩემი ცხოვრება, პოლიტიკური განაცხადი” და ა.შ. ის უარს მეუბნება საკვების მიღებაზე”, – განამრტა ექიმმა.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის უარის მიუხედავად, შესაძლოა უახლოეს დღეებში მისი კლინიკაში გადაყვანა გახდეს აუცილებელი, რადგან სავარაუდოა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდება.

ექიმის განცხადებით, სააკაშვილმა 14 კილოგრამზე მეტი დაიკლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი