ახალი ამბები

ჩემ წინასწარ გლოვას სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ვიზეიმოთ – სააკაშვილი

11 ოქტომბერი, 2021 • 1438
ჩემ წინასწარ გლოვას სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ვიზეიმოთ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და ნორმალურია. ამის შესახებ გვარამიამ დღეს, 11 ოქტომბერს, საპატიმროში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გვარამიას თქმით, სააკაშვილს პროტესტი აქვს იმის გამო, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ ხდება და აღშფოთებულია იმით, რომ პირადი ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ მისი თანხმობის გარეშე ვრცელდება. გვარამიამ მედიას გააცნო სააკაშვილის განცხადება, სადაც მხარდამჭერებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.

“მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით, მათ შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემ წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება”, – ნათვქამია სააკაშვილის წერილში.

10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობა გაუარესდა, რაც სიარულის და ლაპარაკის გართულებაში გამოიხატება. ექიმის თქმით, სააკაშვილმა უარი თქვა თაფლისა და წვენის მიღებაზეც.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, თალასემია, რომლის დროსაც შიმშილობა ადამიანის მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას და განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი