ახალი ამბები

“სააკაშვილის ციხეში ყოფნა ურთულეს პოლიტიკურ რეალობას ქმნის” – ლელო

11 ოქტომბერი, 2021 • 1323
“სააკაშვილის ციხეში ყოფნა ურთულეს პოლიტიკურ რეალობას ქმნის” – ლელო

პოლიტიკური პარტია “ლელო” აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა პოლიტიკურ რეალობას ართულებს, მისი შიმშილობა კი შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ამის შესახებ “ლელომ” განცხადება დღეს, 11 ოქტომბერს გაავრცელა.

“მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების დროსა და ფორმაზე შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ დღეს პრეზიდენტის ციხეში ყოფნა ურთულეს პოლიტიკურ რეალობას ქმნის. სიტუაციას ამძიმებს საქართველოში არსებული პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც პოლიტიკური დევნის და ანგარიშსწორების პირდაპირი დადასტურებაა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევა და მათ მიერ გამოთქმული პატიმრის ღირსების შემლახავი შეფასებები სრულად გაცდენილია პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და მორალის ჩარჩოებს. მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხეში გამოცხადებული შიმშილობა კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილ ვითარებას. შიმშილობის ყოველი მომდევნო დღე შესაძლოა დრამატულად სახიფათო აღმოჩნდეს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას – სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მათ. აქ მხოლოდ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა არ დგას. საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება დავუშვათ მეორე ტრაგიკული ბედის პრეზიდენტის ისტორიის შექმნა. ასეთი დამღით ქართული საზოგადოება ვეღარასოდეს შეძლებს სამოქალაქო ერთობას და ნორმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას”, – წერს ლელო.

10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რაც სიარულის და ლაპარაკის გართულებაში გამოიხატება. ექიმის თქმით, სააკაშვილმა უარი თქვა თაფლისა და წვენის მიღებაზეც და 14 კილოგრამზე მეტი დაიკლო წონაში.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, თალასემია, რომლის დროსაც შიმშილობა ადამიანის მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს.

მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა და ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი