ახალი ამბები

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

11 ოქტომბერი, 2021 • 2884
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის ორგანიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

აქციაზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი განცხადებით, ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია:

“მთელი პასუხისმგებლობა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, არც მეტი და არც ნაკლები, ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ და დაფიქრდეთ თქვენ [“ქართული ოცნება”], თუ რამდენად საშიშ ცეცხლს ეთამაშებით. გაითვალისწინეთ, ხალხო, არ მინდა, მუქარად ჩათვალოს ბიძინა ივანიშვილმაც კი, მაგრამ 14 ოქტომბერს გაიმართება ფართომასშტაბიანი, ძალიან მძლავრი აქცია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ყველაფერი უნდა იღონოთ ახლა, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც თქვენს ხელშია, თქვენ მიერვე უკანონოდ დატუსაღებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაუფრთხილდეთ.

თუ გაქვთ წარმოდგენილი, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით თქვენ [“ქართული ოცნების”] თავს, თუ თქვენ შეიწირავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს. ამ გზაზე დგახართ და ყველაფერს აკეთებთ, რომ ეს მოხდეს. თუ გიფიქრიათ, და მე მგონია, გიფიქრიათ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს”, – განაცხადა მელიამ “მთავარ არხთან”.

მისი თქმით, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, მას სააკაშვილის მონახულების უფლება უნდა მიეცეს, თუმცა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მელიას ეს უფლება აღარ აქვს.

10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რაც სიარულის და ლაპარაკის გართულებაში გამოიხატება. ექიმის თქმით, სააკაშვილმა უარი თქვა თაფლისა და წვენის მიღებაზეც და 14 კილოგრამზე მეტი დაიკლო წონაში.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, თალასემია, რომლის დროსაც შიმშილობა ადამიანის მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს.

მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა და ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

გარეკანის ფოტო: TV პირველის პირდაპირი ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი