ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრის შემდეგ ფაშინიანს ისევ შეხვდა

10 ოქტომბერი, 2021 • 1525
ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრის შემდეგ ფაშინიანს ისევ შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს პრემიერი მოლაპარაკებებისთვის სომხეთში გაემგზავრა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციიდან ირკვევა, მხარეებმა განიხილეს “სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა”, რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა.

“აღინიშნა, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.

შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონი ეტაპობრივად გარდაიქმნას ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად”, – ვკითხულობთ ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორი ქვეყნის პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი უკანასკნელად ერთმანეთს თბილისში, ერთი თვის წინ შეხვდნენ.

29 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში ჩავიდა. იქამდე, 28 სექტემბერს ღარიბაშვილმა “იმედის” ტელეეთერში სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში საკუთარ როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

ღარიბაშვილის მედიაციით, ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანში ტყვედ მოხვედრილი სომხეთის 15 მოქალაქე რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს სომხურმა მხარემ დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. ამ ფაქტის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მადლობა გადაუხადა მედიაციის პროცესში მისი პირადი წვლილისთვის, მათ შორის, საქართველოში უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტის დროს.

ამავე თემაზე:

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის მედიაციას გააგრძელებს

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის მედიაციას გააგრძელებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი