ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის მედიაციას გააგრძელებს

29 სექტემბერი, 2021 • 1622
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის მედიაციას გააგრძელებს

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში დღევანდელ, 29 სექტემბრის ვიზიტამდე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში საკუთარ როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

“30 წლის განმავლობაში ჩვენ პირველად, ჩემი მედიაციით და ჩვენი ამერიკელი მეგობრების ჩართულობით, შევძელით წარმატებული მედიაციის შექმნა ჩვენს მოძმე აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ეს ფაქტი მოწონებული იქნა ამერიკის მთავრობის, ევროკავშირის მხრიდან და არის წახალისებული პირად საუბრებში თუ საჯაროდ აღნიშნული ინიციატივის ბოლომდე მიყვანა და გაგრძელება.

მე ამ მიმართულებით ბოლომდე დავიხარჯები. ხვალ მიემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა ბატონ ალიევთან, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ დ მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და გვაქვს ნდობა, რაც მთავარია. და როცა ნდობა არსებობს ქვეყნებსა და ლიდერებს შორის, ვფიქრობ, ყველა საკითხი გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა თბილისში. მეც ვაპირებ სომხეთში ჩასვლას უახლოეს მომავალში. ვფიქრობ, ამ მამართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები და გარკვეულ როლს შევასრულებ ორ ქვეყანას შორის”.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მედიაციით, ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანში ტყვედ მოხვედრილი სომხეთის 15 მოქალაქე რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს სომხურმა მხარემ დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა.

ამ ფაქტის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს მედიაციის პროცესში მისი პირადი წვლილისთვის რამდენჯერმე მადლობა გადაუხადა, მათ შორის, საქართველოში უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი